სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტის „დახმარებას“ ცდილობდა: საქართველოში თაღლითი დააკავეს

დახმარების სანაცვლოდ ბრალდებულმა საქმის ფოგურანტისგან 220 ათასი დოლარი მოსთხოვა
Sputnik
თბილისი, 15 აგვისტო - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გამოძიების მიხედვით, ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტი ბრალდებულმა დაარწმუნა, თითქოს იგი დაახლოებული იყო როგორც პროკურატურის, ისე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების თანამდებობის პირებთან და მიმდინარე გამოძიების მის სასარგებლოდ დასრულებაში შეეძლო დახმარება.
„აღნიშნულის სანაცვლოდ ბრალდებულმა სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტს 220 ათასი აშშ დოლარის ორ ეტაპად გადაცემა მოსთხოვა, საიდანაც პირველ ეტაპზე დაზარალებულმა ბრალდებულს 100 ათასი დოლარი გადასცა“, - ნათქვამია განცხადებაში.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით (მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო - საქართველოს პროკურატურა