ამბობენ, გამომგონებლის ნიჭი ყველა ადამიანში დევსო. ბავშვობაში, ვინ იცის, რამდენი რამ გვაქვს გამოგონილი (ჩვენთვის, რა თქმა უნდა). უბრალოდ, რომ ვიზრდებით, უმრავლესობაში ამ უნარს საღი გონება „ეხმარება“, რომ ბავშვური სისულელეებისგან განთავისუფლდეს და უფრო პრაგმატულად და რაციონალურად შეხედოს ცხოვრებას.
თუმცა, არსებობს ადამიანების კატეგორია, სიცოცხლის ბოლომდე ბავშვად რომ რჩება და ახლის აღმოჩენის სურვილით იწვის. მათ თავის გარშემო ისეთი რაღაცების დანახვა შეუძლიათ, რასაც ჩვენ მარტივად ავუვლით გვერდს. სწორედ მათ უნდა ვუმადლოდეთ მთელ რიგ აღმოჩენებს, რაც, საბოლოო ჯამში, პროგრესს განაპირობებს.
ეს ყველაფერი კარგი. მაგრამ თურმე ისეც ხდება, რომ ესა თუ ის გამოგონება სულაც არ არის მიზანმიმართული შრომის შედეგი და მისი უდიდებულესობა შემთხვევის ნაყოფია. დღეს მინდა, რამდენიმე ასეთ ფაქტზე გიამბოთ.
სტიკერი
1970 წელს სპენსერ სილვერი ერთი მსხვილი კომპანიისთვის გამძლე წებოს დამზადებას ცდილობდა. მიღებულმა შედეგმა კომპანიის მესვეურები არ დააკმაყოფილა, რადგან, მართალია, კვალს არ ტოვებდა, მაგრამ წებო სუსტი გამოდგა.
რამდენიმე წლის შემდეგ სილვერის ერთმა მეგობარმა ქაღალდზე წასმული ეს წებო ბიბლიის სანიშნედ გამოიყენა და თავისდაუნებურად დაუდო სათავე დღევანდელ „სტიკერებს“.
სახარინი
1879 წელს კონსტანტინ ფალგერს ქვის ფისით დასვრილი ხელის დაბანა დაავიწყდა და ვახშმობისას შენიშნა, რომ მის რულეტს მოტკბო გემო ჰქონდა.
როგორც ეტყობა, არც მისი მეუღლე იყო ჰიგიენის დიდი დამცველი, სამაგიეროდ კაცობრიობამ მიიღო დღეს ასე მნიშვნელოვანი პროდუქტი — სახარინი, რომელიც მისწრებაა დიაბეტით დაავადებულთა და იმ კატეგორიის ადამიანებისთვის, მუდამ კალორიებს რომ ითვლიან.
ესკიმო
1905 წელს 11 წლის ფრანკ ეპერსონმა გადაწყვიტა, საკუთარი გაზიანი სასმელი მოემზადებინა. საჭირო ინგრედიენტები წყალში ხის თხელი ფირფიტით გააზავა, მაგრამ ამ დროს მშობლებმა დაუძახეს და ჭიქა თავისი ხის ფირფიტიანად ყინვიან ღამით გარეთ დარჩა.
დილით ნანახმა დიდად არ გაახარა... მაგრამ ეს შემთხვევა 18 წლის შემდეგ გაახსენდა და სათავე დაუდო დღეს ასე პოპულარულ ხის ფირფიტაზე წამოცმულ ნაყინს.
ჩიფსები
1853 წელს ამერიკის ქალაქ სარატოგას ერთ რესტორანში შევიდა ბუზღუნა და ინტრიგანი მოხუცი, სახელად ჯორჯ ვანდერბილტი, რომელსაც ვერაფრით მოაწონეს შემწვარი კარტოფილი. მოხუცი ყოველ ჯერზე მოითხოვდა, რომ კარტოფილი რაც შეიძლება თხლად დაეჭრათ.
კლიენტის ახირებით შეწუხებულმა შეფ-მზარეულმა ჯორჯ კრამპმა კარტოფილის სიფრიფანა ფირფიტები ზეთში შეუბრაწა. ვანდერბილტს ძალიან მოეწონა კერძი, რომელიც მალე მთელ ამერიკაში ცნობილი გახდა „სარატოგას ჩიფსების“ სახელით.
ბრენდი
შუასაუკუნეების ვაჭრები, როგორს წესი, ზღვით ტრანსპორტირებისას ღვინიდან წყალს აორთქლებდნენ. კასრებში კი რჩებოდა კონცენტრირებული მასა.
ერთ-ერთი მოგზაურობისას სასმელს მოწყურებულმა მეზღვაურებმა ვაჭრის საქონელს გემო გაუსინჯეს, შემდეგ კაპიტანსაც დააგემოვნებინეს და... საბოლოოდ გვარიანადაც აზარალეს ვაჭარი.
დავიდარაბას რომ არიდებოდნენ, კაპიტანმა მთელი პარტია შეისყიდა და დანიშნულების ადგილზე მისულმა სარფიანად გაყიდა სრულიად ახალი სასმელი, რომელიც დღეს ბრენდის სახელითაა ცნობილი.
მიკროტალღური ღუმელი
1945 წელს სამხედრო ინჟინერმა პერსი სპენსერმა, რომელიც რადარისთვის აუცილებელი მიკროტალღების მისაღებად მაგნეტრონზე მუშაობდა, აღმოაჩინა, რომ ჯიბეში შოკოლადის ფილა გაულღვა.
მართალია, შარვალი ფრიად დაზარალდა, მაგრამ ამ შემთხვევამ სათავე დაუდო პირველი მიკროტალღური ღუმლის შექმნას, რომელიც, სხვათა შორის, ნახევარ ტონას იწონიდა.
პენიცილინი
1928 წლის ზაფხულში მეცნიერმა ალექსანდრ ფლემინგმა უეცრად გადაწყვიტა საქმის მიტოვება და ზღვაზე პალმების ჩრდილში დასასვენებლად წასვლა. ეს ისე ნაჩქარევად მოხდა, რომ სამუშაო მაგიდის ალაგება ვერ მოასწრო.
უკან დაბრუნებულს კი ლაბორატორია „აყვავებული“ დახვდა (მეცნიერი სოკოვან კულტურებზე მუშაობდა), მათ შორის მეცნიერმა გამოარჩია ერთი, რომელიც ბაქტერიების მიმართ მდგრადი აღმოჩნდა. სწორედ ამ სოკოსგან შეიქმნა პენიცილინი — ანტიბიოტიკი, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე იხსნა.
სათვალე
ერთ–ერთი ვერსიით, სათვალე ინგლისელმა ბერმა როჯერ ბეკონმა შექმნა1266 წელს. ის თურმე ცდას ატარებდა კვარცის კრისტალებზე და რაღაც მინა მიიღო.
ბერმა მინა ანგარიშმიუცემლად დადო გადაშლილ წიგნზე და... მან ნაწერი გაადიდა. მას შემდეგ ბეკონი კითხვის დროს სწორედ ამ გამადიდებელ შუშას იყენებდა.