ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მეწყრის საფრთხის გამო საავტომობილო მოძრაობა შეწყვეტილია

ვითარება ადგილზე შეისწავლეს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა.
Sputnik
თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. გზაზე განვითარებული მეწყრული პროცესის გამო, სამეგრელოში საავტომობილო გზის მონაკვეთზე მოძრაობა შეწყდა, იუწყება სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია.
კერძოდ, მოძრაობა დროებით შეწყვეტილია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურიდან ტბა ტობავარჩხილის მიმართულებით.
სამეგრელო-ზემო-სვანეთის რწმუნებულის ადმინისტრაციის მიმართვის საფუძველზე, ვითარება ადგილზე გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა შეისწავლეს.
ამ დროისთვის უწყება ელოდება შესაბამის დასკვნას, რის შემდეგაც გატარდება რეკომენდაციით გათვალისწინებული ღონისძიებები.