თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. მსოფლიოში უკვე მეექვსე ადამიანი განიკურნა ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსისგან (აივ), იუწყება გამოცემა France 24.
გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია 50 წლის მამაკაცზე, რომელიც იმძიმესი დაავადებისგან ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ განიკურნა. მისი ვინაობა არ მჟღავნდება, მას „ჟენეველ პაციენტად“ მოიხსენიებენ. ის უკვე მეექვსე ადამიანია, ვინც აივ ინფექციისგან განიკურნა.
აღსანიშნავია, რომ მამაკაცს აივ-ინფექციის დიაგნოზი 1990 წელს დაუსვეს.
მეცნიერების თქმით, წინა ხუთ პაციენტს ასევე გადაუნერგეს უკვე მუტირებული CCR5-ის ღეროვანი უჯრედები. ეს უჯრედი ხელს უშლის აივ-ინფექციის გავრცელებას ორგანიზმის სხვა უჯრედებში.
ცნობილი ხდება, რომ „ჟენეველ პაციენტს“ ეს ღეროვანი უჯრედები 2018 წელს გადაუნერგეს ლეიკემიის აგრესიული ფორმის სამკურნალოდ, მაგრამ მუტაციის გარეშე. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ვირუსს ჯერ კიდევ შეეძლო პაციენტის უჯრედებში შეღწევა. მაგრამ ოპერაციიდან 20 თვის შემდეგ, როდესაც მამაკაცმა ანტირეტროვირუსული მედიკამენტების მიღება დაასრულა, ექიმებმა მის ორგანიზმში ვირუსის კვალი ვერ აღმოაჩინეს.
ჯერჯერობით მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ ვირუსი შეიძლება დაბრუნდეს, მაგრამ ამბობენ, რომ პაციენტი გრძელვადიანი რემისიაშია.
ექიმების თქმით, თუ ერთი წლის შემდეგ პაციენტის ორგანიზმში ვირუსის არანაირი ნიშანი არ დაფიქსირდება, დიდი ალბათობით, მომავალში ის საერთოდ აღარ გამოვლინდება.
მანამდე აივ-ინფიცირებული პაციენტები განკურნეს ბერლინში, ლონდონში, დიუსელდორფში, ნიუ-იორკსა და სიტი-ოფ-ჰოუპში.
საინტერესო ფაქტი: 2020 წელს მეცნიერებმა აღმოაჩინეს ქალი, რომელმაც აივ-ინფექცია დამოუკიდებლად, სამედიცინო ჩარევის გარეშე დაამარცხა. გავრცელებული ინფორმაციით, ექსპერტებმა იმ მცირე ჯგუფის (64 ადამიანი) ანალიზები შეისწავლეს, რომლებიც ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით იყვნენ დაავადებული, თუმცა ჯანმრთელობის კორექციისთვის მედიკამენტებს არ იღებდნენ. სწორედ მათ შორის აღმოჩნდა პაციენტი ქალი, რომელიც 25 წლის წინ დაავადებულიყო. როგორც ირკვევა, მეცნიერებმა ქალის სისხლში ვირუსის უჯრედები კი გამოავლინეს, მაგრამ შემდგომი გამრავლების უნარი არცერთ მათგანს არ დაუდგინდა.
წყარო: France 24