თბილისი, 14 აგვისტო - Sputnik. 23 წლის ქართველმა ქალმა იტალიის ქალაქ ტარანტოში ახალშობილი ნაგვის ურნასთან დატოვა, ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ინფორმაციით, ბავშვის მშობლები საქართველოს მოქალაქეები არიან.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა დროებით საცხოვრებელ სახლში იმშობიარა და ჩვილი დაბადებიდან რამდენიმე საათში ქუჩაში დატოვა. ჩანთაში ბავშვთან ერთად ნახეს სათამაშოებიც.
ერთ-ერთი ვერსიით, ბავშვი ურნასთან ძაღლმა იპოვა. ძაღლი ნაგვის ურნისკენ გაიქცა და იქვე დაგდებულ მუყაოს ყუთთან გაჩერდა, რის შემდეგაც მისმა მეპატრონემ ყუთში ახალშობილი ნახა. დედის კვალს პოლიციამ მალევე მიაგნო. ის და ახალშობილი ახლა კლინიკაში იმყოფებიან. 23 წლის ქალს ბავშვი ჯერ არ უნახავს. ის თავს სუსტად გრძნობს და როგორც ექიმები ამბობენ, დეზორიენტირებულია.
ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამ დროისთვის მას ტარანტოს კლინიკაში შესაბამისი კვლევები უტარდება.
„პოლიციამ შეძლო დედის იდენტიფიცირება. ის საქართველოს მოქალაქეა და იტალიაში ახალი ჩამოსულია, ბავშვის მამაც მისი თანამემამულეა. ჩვენ დეტალების გამჟღავნების უფლება არ გვაქვს, თუმცა მთავარია, რომ ლორენცო ახლა თავს კარგად გრძნობს. მის დასახმარებლად მუნიციპალიტეტმა სოლიდარობის კამპანიაც კი წამოიწყო",- განაცხადა მუნიციპალიტეტის სოციალური სერვისების სამსახურის უფროსმა.
ტარანტოს პოლიციამ საფრთხის შემცველ გარემოში ჩვილის მიტოვების ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.
საქმის შესახებ უკვე ინფორმირებულია იტალიაში საქართველოს საელჩო.