თავდაცვის მინისტრმა ომში დაღუპული სამხედრო ექიმების ხსოვნას პატივი მიაგო

ბურჭულაძემ სამედიცინო დაწესებულების ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა
Sputnik
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის ტერიტორიაზე მდებარე მდებარე მემორიალი გვირგვინით შეამკეს და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპული სამხედრო ექიმების ხსოვნას პატივი მიაგეს.
საქართველოს თავდაცვის უწყება 11 აგვისტოს სამხედრო მედიცინის დღეს აღნიშნავს.
მინისტრი ჰოსპიტლის თანამშრომლებს გაესაუბრა და მათ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ამასთან, ბურჭულაძემ სამედიცინო დაწესებულების ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც დაათვალიერა და ჰოსპიტლის თანამედროვე აპარატურით აღჭურვის პროცესის შესახებ განახლებული ინფორმაცია მიიღო.
გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მასშტაბური განახლება აქტიურად მიმდინარეობს. ჰოსპიტლისთვის 5 მლნ 225 ათასი ევროს ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობის შეძენაა გათვალისწინებული. აპარატურის მნიშვნელოვანი ნაწილი სამედიცინო დაწესებულებამ უკვე მიიღო.
უწყების ინფორმაციით, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი 64 ერთეულ მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურით აღიჭურვება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სამედიცინო სერვისების მიწოდების ხარისხს. მთლიანობაში, დაახლოებით, 35 მილიონი ლარია გათვალისწინებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის გორის მულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებასა და ქუთაისის სამედიცინო ცენტრში უახლესი თაობის სამედიცინო აპარატურით აღჭურვისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის.