თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო სათარჯიმნო-მთარგმნელობითი მომსახურების სფეროში მოქმედი ეკონომიკური აგენტები განმეორებით დააჯარიმა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, აღნიშნული კომპანიების მიმართ მოკვლევა, რომელიც „დელტა დეველოპმენტ გრუპის“ საჩივრის საფუძველზე მიმდინარეობდა, სააგენტომ 2022 წელს დაასრულა.
„მოკვლევის შედეგების მიხედვით, მხარეებს შორის შეთანხმებული ქმედება დადასტურდა. შესაბამისად, დაეკისრათ ფინანსური სანქცია და კანონდარღვევის აღმოფხვრა დაევალათ“, – ნათქვამია განცხადებაში.
კონკურენციის ეროვნული სააგენტო ამ დროისათვის ექვს საქმეს სწავლობს, 2023 წელს უწყებამ ორი მოკვლევა დაასრულა და ორივე შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის ფაქტი დაადგინა.
ამავე პერიოდში სააგენტომ ექვსი საჩივრის განხილვაზე უარის გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ისინი დაუშვებლად მიიჩნია.