თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ უარყო სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში უბილეთო მგზავრობის გამო მოქალაქეებს 50-50 ლარით აჯარიმებენ.
დღეს დილიდან სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის ავტობუსებში უბილეთო მგზავრებს კონტროლიორები აჯარიმებენ 50-60 ლარით და არა 20 ლარით, როგორც ეს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული.
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უბილეთოდ მგზავრობა, აგრეთვე 10-დან 16 წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით. ჯარიმის ნებაყოფლობით გადასახდელად განსაზღვრულია 30 დღე“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევ პირს დაერიცხება საურავი ჯარიმის ორმაგი ოდენობით, ხოლო თუ საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში დაჯარიმებულმა პირმა კვლავ არ გადაიხადა დაკისრებული ჯარიმა და საურავი, მის მიმართ ხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
„აქვე განვმარტავთ, რომ უბილეთო მგზავრის დაჯარიმება კანონით განსაზღვრული იძულებითი ღონისძიებაა, ჯარიმებიდან შემოსული თანხა კი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამართულად ფუნქციონირებას ხმარდება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან და საჭიროების შემთხვევაში დარეკონ სააგენტოს ცხელ ხაზზე – 13-98.