თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. დედამიწას პოტენციურად სახიფათო ასტეროიდი უახლოვდება, რომლის დიამეტრიც 960 მეტრს აღწევს, ნათქვამია NASA-ს დედამიწის ახლო ობიექტების კვლევის ცენტრის ვებ-გვერდზე.
სპეციალისტების თქმით, საუბარია ასტეროიდზე 6037 (1988 EG), რომელიც ჩვენს პლანეტას მაქსიმალურად 23 აგვისტოს, თბილისის დროით 12:18 საათზე მოუახლოვდება.
ციურ სხეულსა და დედამიწას შორის მინიმალური მანძილი 0,04 ასტრონომიული ერთეული, ანუ თითქმის 6,1 მილიონი კილომეტრი იქნება.
ასტეროიდის დიამეტრი, მეცნიერთა აზრით, 430-დან 960 მეტრამდე მერყეობს. მისი სიჩქარე წამში 14,25 კილომეტრია.
აღნიშნული ობიექტი არის ერთ-ერთი იმათგანი, რომელიც დედამიწის ორბიტას გადაკვეთს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად შეეჯახება პლანეტას.
პოტენციურად საშიშ ობიექტებად ითვლება ობიექტები, რომლებიც დედამიწის ორბიტას 7,5 მილიონ კილომეტრზე ნაკლებ მანძილზე კვეთენ.