დაალევინეთ წყალი ცხოველებს - ზოოაქტივისტების მოწოდება

მიმდინარე კვირაში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ცხელი ამინდებია მოსალოდნელი.
Sputnik
თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია Animal Project მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, ცხელ დღეებში იზრუნონ ცხოველებზე, მათ შორის მიუსაფარ ძაღლებსა და კატებზე.
სინოპტიკოსების პროგნოზით, რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში ძალიან ცხელი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ამ კვირის განმავლობაში 41 გრადუსს მიაღწევს.

„ქუჩაში მიტოვებული ცხოველებისთვის ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია წყალთან წვდომა. გთხოვთ ყოველი შესაძლო შემთხვევის დროს უყიდეთ და დაუსხით მიუსაფარ ძაღლებსა და კატებს წყალი“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ორგანიზაცია მოუწოდებს მოქალაქეებს, დაუტოვონ ცხოველებს წყალი კონტეინერებით (ან გადაჭრილი ბოთლებით) თავიანთ სახლებთან ან შენობებთან, სადაც მუშაობენ, ასევე ავტომაგისტრალებზე.
„მოვუწოდებთ კერძო სექტორსაც, განათავსონ წყლის ჯამები მათი ოფისების მიმდებარედ მცხოვრები ცხოველებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.