თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას ევროკომისიის სამართლიანი რეკომენდაციისა და ევროპული საბჭოს სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი აქვს, რაც ქვეყანას უკრაინასა და მოლდოვასთან თანაბარ დონეზე დააყენებს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ევროპულმა საბჭომ 2022 წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
„იმედია, ევროკომისიას ექნება სამართლიანი რეკომენდაცია, ხოლო ევროპულ საბჭოს – სამართლიანი გადაწყვეტილება. არ შეიძლება საწუწუნოდ გაუხადონ კანდიდატის სტატუსი ქართველ ხალხს, რომელიც ლიდერია ამ სამ ქვეყანას შორის... სამართლიანი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი – საქართველო უნდა იყოს იმავე დონეზე, სადაც არიან უკრაინა და მოლდოვა", – განაცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.
თუ დღეს მათ აქვთ კანდიდატის სტატუსი, საქართველოსაც უნდა ჰქონდეს კანდიდატის სტატუსი, აღნიშნა პოლიტიკოსმა.
„თუ მათთან იწყება მოლაპარაკებები, მაშინ საქართველოსთანაც უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები. ეს იქნებოდა სამართლიანი გადაწყვეტილება, დაფუძნებული ობიექტურ კრიტერიუმებსა და შეფასებებზე, რომლებიც თავად ევროკომისიამ მიმდინარე წლის იანვარში წარმოადგინა", – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, როგორც პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, ასევე არსებობს უსამართლო გადაწყვეტილების ალბათობა.
„გასული წლის ივნისში ჩვენ ვნახეთ ასეთი უსამართლო გადაწყვეტილება, როდესაც სამეულში ლიდერი საქართველო დაიჩაგრა, საქართველოს უკან მყოფ ქვეყნებს კი მიეცათ კანდიდატის სტატუსი. ვნახოთ, იმედი მაქვს, რომ იქნება მიღებული სამართლიანი გადაწყვეტილება, ეს არის საქართველოს უკრაინისა და მოლდოვის დონეზე დაყენება", – განაცხადა პაპუაშვილმა.
„რადიო თავისუფლების“ ევროპული ბიუროს რედაქტორის რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, დაწყებულია ევროკომისიის ანგარიშის მომზადება გაფართოების შესახებ, რომელიც ოქტომბრის მეორე ნახევარში უნდა გამოქვეყნდეს.
მისი პროგნოზით, შექმნილ ვითარებაში იქნება რეკომენდაციები მოლაპარაკებების დაწყების შესახებ უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების, ხოლო საქართველოსთან მიმართებით კანდიდატის სტატუსის მისაღებად. თუმცა, დეკემბერში ევროკავშირის 27 წევრის კონსენსუსი კვლავ საჭირო იქნება, დაწერა იოზვიაკმა Twitter-ზე. მანამდე საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით მისი ყველა პროგნოზი გამართლდა.
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. შეზღუდულ პროგრესს მიაღწია კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - "მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში" აცხადებენ, რომ ყველაფერი გააკეთეს ევროკავშირის პირობების შესასრულებლად.