სახელმწიფო გვერდში უნდა ედგას გმირებსა და მათ ოჯახებს - ჯუანშერ ბურჭულაძე

საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულებს იხსენებენ.
Sputnik
თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. სახელმწიფოს მთავარი ფუნქციაა – ყოველთვის გვერდში ედგას გმირებსა და მათ ოჯახებს, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მისვლის შემდეგ.
საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის მსხვერპლთ იხსენებენ. ტრადიციულად ამ დღეს პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები ყვავილებით ამკობენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა საფლავებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე. ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები.

„რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ შერცხვენილი ჩვენი გმირების ოჯახების წინაშე და როდესაც აქ მოვდივართ, კიდევ ერთხელ ვახსენებთ ყველას, რომ ჩვენი მთავარი ფუნქციაა – გვერდში დავუდგეთ ყოველთვის ჩვენს გმირებსა და მათ ოჯახებს“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

მინისტრის თქმით, საქართველომ აგვისტოს ომში 400-ზე მეტი მოქალაქე დაკარგა, მათ შორის 170-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე.

„მე კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი ჩვენი გმირებისა და მათი ოჯახების წინაშე“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

აგვისტოს ომის შემდეგ რუსულმა მხარემ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცალმხრივად აღიარა. ამის საპასუხოდ თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და კონფლიქტის ზონები საკანონმდებლო დონეზე ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადა.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წლის არჩევნების შედეგად მოვიდა, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება, მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.