გერმანიის შტუტგარტის უნივერსიტეტში გეოფიზიკის ინსტიტუტმა მიიწვია. ოჯახის გამო კარიერაზე თქვა უარი, წერა კი უცხოეთში დაიწყო. ემიგრაციის სირთულეებზეა მისი რომანი „წვიმის ვალსი".
- ქალბატონო მარიამ, ვიცი, რომ უცხოეთში წერა ნოსტალგიის გამო დაიწყეთ, რა არის ის, რაც შორეულ ქვეყანაში გაძლებინებთ?
- შორეულ დასავლეთში ბავშვობიდან შემორჩენილი სითბო მაძლებინებს. ჩვენი ოჯახის კრედო - მხოლოდ სიყვარული, ურთიერთპატივისცემა და შრომის დაფასებაა. ერთადერთი, რაც ბავშვებს გვევალებოდა, სწავლა იყო. დღემდე ვიხსენებ მამის შეკრულ კოპებს: მასწავლებელმა არ აგიხსნა? წიგნში ხომ წერია? ჩვენს ოჯახში ყველაზე დიდი ადგილი ბიბლიოთეკას ეკავა. ესეც თუ არ კმაროდა, კეთილი მეზობლების სახლის კარი ჩვენთვის ყოველთვის ღია იყო და ნათხოვარ წიგნსაც დროულად ვაბრუნებდით.
- თქვენი სტუდენტური წლები რთულ 90-იან წლებს დაემთხვა...
- თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში სწავლა 90-იან წლებში მომიწია. სპეციალობის კურსს წმინდა მამა გრიგოლ ფერაძის ძმისშვილი რომანოზ ფერაძე მიკითხავდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ის თვლიდა, რომ მე გეოფიზიკის კათედრაზე უნდა დავრჩენილიყავი და ხარისხი დამეცვა. როცა უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ შემხვდა, ცოტა არ იყოს, ნაწყენმა მკითხა: მარიამ, ხარისხი? მე კი ჩემს ორ მცირეწლოვან ვაჟზე მივუთითე. იგი მოეფერა ჩემს შვილებს და ჩაილაპარაკა, ესენი გაიზრდებიან და შენ კარიერა დაგჭირდებაო.
- ფაქტობრივად კარიერა შესწირეთ ოჯახს...
- დიახ, ასე გამოდის, ხშირად ვიხსენებ უკეთილშობილესი პიროვნების, ბატონი რომანოზის იმ სიტყვებს, რაც მაშინ მითხრა, მაგრამ დღესაც იგივეს გავუმეორებდი: ჩემი ხარისხი – ჩემი დიდი ოჯახია. კარიერას კი ფარატინა ფურცელზე დაწერილი შტამპიანი ხარისხი არ სჭირდება. 1994 წელს დავამთავრე თსუ გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის ძებნა-ძიების გეოფიზიკური მეთოდების სპეციალობა, სეისმოლოგიის განხრით.
- გერმანიაში როგორ აღმოჩნდით?
- ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლის დროს და მისი დამთავრების შემდეგაც სტუდენტურ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის შემოთავაზება რამდენჯერმე მივიღე. შტუტგარტის უნივერსიტეტში მოხვედრა კი უცნაური შემთხვევის წყალობა იყო. ერთხელ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ერთ სუფრაზე აღმოვჩნდით. მაშინ ყველამ თავისი ვინაობა და პროფესია დაასახელა, მათ შორის მეც და, მახსოვს, სუფრას გაკვირვებამ როგორ გადაურბინა. ტექნიკური საგნების ცოდნა უცხოეთში რატომღაც გაოცებას და მოწონებას იწვევს. სუფრის ერთ-ერთმა წევრმა დამატებითი კითხვები დამისვა და თავის უბის წიგნაკში რაღაც ჩაინიშნა. მაშინ ამისთვის მნიშვნელობა არ მიმინიჭებია, მაგრამ ერთი თვის შემდეგ, როცა იგივე პიროვნება პროფესორთან შეხვედრაზე შემითანხმდა, მის კეთილ განზრახვას მაშინ მივხვდი.
- ამან შეცვალა თქვენი ცხოვრება და როგორ დაიწყო ე.წ. გერმანული პერიოდი?
- რა თქმა უნდა, შეცვალა. არ დამავიწყდება, მაშინ როგორი ზარ-ზეიმით მიმაცილა იმ ადამიანმა საჭირო ადგილზე და წარმადგინა. თან გამომიცხადა, შენი ცხოვრების შავი ზოლი დასრულდა და ამის მერე თეთრი იწყებაო. მოგვიანებით, როცა პროექტის განხილვას ვესწრებოდი, გამახსენდა ჩემი პროფესორ-მასწავლებლები, რომლებსაც ასპირანტურაში სწავლაზე უარი ვუთხარი. როცა ენის კურსებს გავდიოდი, პრაქტიკა გავიარე საბავშვო ბაღში, სადაც საოცრად თბილი და პოზიტიური გარემო დამხვდა. მხოლოდ ექვსი თვე ვიყავი მტრედებივით მოღუღუნე ანგელოზებთან ერთად, რომლებიც საოცარ ენერგიას მმატებდნენ. სეისმოლოგიის პროექტში კი ჩრდილოეთის ზღვაში არსებულ ბიძგებზე დაკვირვებას და ლოკალიზებას ვახდენდი.
- რამდენად ადვილია პროფესიული ზრდა გერმანიაში?
- გერმანიაში არც ისე ადვილია პროფესიული ზრდა, თუ ამის შესაბამისი პირობები არ გაქვს, ამიტომ შტუტგარტის უნივერსიტეტში ერთ-ერთი პროექტის დასრულების შემდეგ შესვენება ავიღე. სამომავლოდ ვერ გეტყვით, გავაგრძელებ თუ არა პროფესიულ საქმიანობას. ამის მერე შტუტგარტის სამრევლოსთან არსებულ ქართულ საკვირაო სკოლაში სამი წელი ქართულ ცეკვას ვასწავლიდი. თითოეული ბავშვი საკუთარი შვილივით მიყვარდა და საპასუხო გრძნობას მათგანაც ვიღებდი. ეს იყო ბედნიერების ისეთი აღქმა, რაც სამშობლოდან შორს მყოფს მშობლიური სიოსავით მელამუნებოდა.
- თქვენი მეორე რომანი ემიგრანტების რთულ ცხოვრებაზეა...
- ჩემი მეორე რომანი „წვიმის ვალსი" ემიგრანტების სევდასა და მძიმე ცხოვრებას ასახავს. ეს რომანი ზუსტად ერთ თვეში დავწერე. ფურცელზე რა ხანია აღარ ვწერ. ტელეფონში მაქვს გუგლის დოკუმენტ-ფაილი, სადაც დღე და ღამე ვწერდი, გარშემო თუნდაც უამრავი ადამიანი ყოფილიყო. მათი საუბარი მუსიკის ჰანგებივით ჩამესმოდა. ემიგრაციის სიმძიმის დაძლევაში ძალიან მეხმარება სულიერი ზრდა. არ შემიძლია არ ვახსენო შტუტგარტის სამრევლო, სადაც ის სითბო და სიყვარულია, რომელიც გათქმევინებს, რომ უფლება არ გაქვს ვერ გაუძლო. აქ ჩვენ გვყავს მოძღვარი, სულიერი მამა და მასწავლებელი, დეკანოზი თამაზ ლომიძე. მასთან ბევრჯერ მივსულვარ ატირებული, მოუსმენია და უთქვამს: რწმენით ეზიარეო. ყოველ ღამე ლოცვასთან ერთად აყოლილი სამშობლოს კეთილდღეობაზე ტკივილიანი ფიქრი და შიში არ მშორდება. გზა სამშობლოში - ეს მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრებაა...
- ზოგჯერ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ჩვეულებრივი შემთხვევების დროს ვიღებთ ხოლმე...
- რამდენიმე წლის წინ, როცა შვეიცარიის ერთ უღელტეხილზე ვიყავი, ახლობლებმა შუა გზაზე მანქანა გამიჩერეს, რადგან ემოციებს ვერ ვმალავდი. მითხრეს, აჰა, გადადი და შესძახე მთებსო. იმ მთებმა მაშინ ჩემი ქვეყანა გამახსენა – თითქოს საქართველოს ყველა კუთხეს ერთ მთაგრეხილში მოეყარა თავი. ემიგრაციაში აღმოჩენილ საკუთარ თავს ასე შევძახე: „შენ უნდა შეძლო, მარიამ!" ისევე, როგორც ოცი წლის წინ, განსაცდელის დროს საკუთარ თავს უკვე ლექსად შევუძახე. ყოველ ღამე ჩემი ქვეყნის ჭირ-ვარამზე დარდით ვიძინებ და ვიღვიძებ. სულიერად საქართველოში ვარ, აქ მხოლოდ ვარაუდით...
ნინო მამულაშვილი