სატყეო სააგენტო მოსახლეობას ტყეში უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებს

სტატისტიკის თანახმად, ხანძრის გაჩენის ძირითადი მიზეზი ადამიანების დაუდევრობაა.
Sputnik
თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, ტყის ხანძრების თავიდან ასაცილებლად გამოიჩინონ სიფრთხილე და დაიცვან ტყეში ქცევის წესები.
სააგენტოს ცნობით, ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია, აგვისტოს თვე კი ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო განსაკურებით ხანძარსაშიში პერიოდია.
სააგენტო ყოველწლიურად ათავსებს საინფორმაციო-გამაფრთხილებელ ნიშნებს ზონებში, რომლებიც ხანძრის თვალსაზრისით საშიშია.

„ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით გომბორის უღელტეხილზე, შუამთის მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა სახელმწიფო ტყის განაპირა ზოლში გამაფრთხილებელი ნიშნები განათავსეს და დასუფთავების აქცია მოაწყვეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვოვან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალებში, ტყის დაზიანებულ უბნებში (ტყის ქარქცეულ ან ქარტეხილ ადგილებში), დამზადების ნარჩენებიდან გაუწმენდავ ტყეკაფებში, გამოუზიდავად დატოვებული დამზადებული მერქნის ადგილებში, ტორფიან და გამხმარბალახიან ადგილებში.
უწყების ცნობით, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე კოცონის დანთება დასაშვებია ცეცხლის დასანთები ადგილის (ბაქანი) წინასწარი მოწყობის შემთხვევებში. ბაქნის წინასწარი მოწყობა გულისხმობს ცეცხლის კერიდან 1,5 მ რადიუსში ადვილად აალებადი მასალებისგან (თივა, ხმელი ბალახი, ფოთლები, ფიჩხი) გაწმენდას.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა, რასაც მოჰყვა ტყეში ხანძრის გაჩენა ან მისი გავრცელება გარკვეულ ფართობზე, აგრეთვე ტყის მოსპობა ან დაზიანება ცეცხლის წაკიდების ან ცეცხლისადმი დაუდევრად მოპყრობის შედეგად, გამოიწვევს დაჯარიმებას 300-დან 500-ლარამდე. ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან რვა წლამდე.
საქართველოში სიცხის დადგომისთანავე ხანძრები ხშირად ჩნდება. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო 2017 წლის ზაფხულში. ყველაზე დიდი ხანძარი ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბის ტყეში იყო, რომელსაც ექვსი დღის განმავლობაში აქრობდნენ. არსებული მონაცემებით, დაიწვა 100 ჰექტარზე მეტი ფართობი. მდგომარეობას ართულებდა მთიანი რელიეფი, ქარი და უნალექო ამინდი. საქართველოს ხანძრის ჩაქრობაში თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ბელარუსი ეხმარებოდნენ. დახმარების მზადყოფნა რუსეთმაც გამოთქვა.