თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. თბილისის მერია მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრის ხელოვნური იმპლანტით შეცვლის საჭიროების მქონე პირების დაფინანსებას სექტემბრიდან დაიწყებს, ნათქვამია უწყების პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მუნიციპალიტეტის მთავრობამ ახალი პროგრამის „სახსრების ენდოპროთეზირების" განხორციელების წესი განსახილველად დედაქალაქის საკრებულოს გადაუგზავნა.
ახალი პროგრამით სარგებლობას შეძლებენ თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომლებსაც აღნიშნული მომსახურება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არ უფინანსდებათ.
პროგრამით სარგებლობისთვის პირმა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს განცხადებით უნდა მიმართოს, რასაც თან უნდა ერთვოდეს:
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პასპორტის ასლი, ხოლო იძულებით გადაადგილებული პირის შემთხვევაში – შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა №IV-100/ა – პაციენტის დიაგნოზის, ჩარევებისა და გამოკვლევების მითითებით ICD10 კლასიფიკატორების შესაბამისად);
სამედიცინო დაწესებულებიდან მომსახურების ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინვოისი);
თბილისის მუნიციპალიტეტში ბოლო ორი წლის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დაფინანსების შესახებ ცნობა კერძო სადაზღვევო კომპანიიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
უწყების ცნობით, პროგრამით მოსარგებლეს სამედიცინო დაწესებულებისა და პროთეზის სახეობებს შორის თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა ექნება.
პროგრამის თითოეული ბენეფიციარი დედაქალაქის მერიისგან 6 ათას ლარს მიიღებს. პროგრამის მიმდინარე წლის ბიუჯეტი ნახევარი მილიონი ლარი იქნება.