მსოფლიო დღეს

ილონ მასკმა მარკ ცუკერბერგთან შესაძლო დამარცხების მიზეზი დაასახელა

Sputnik
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. ილონ მასკმა გაამჟღავნა, რა შემთხვევაში შეიძლება დამარცხდეს მარკ ცუკერბერგთან მომავალ ორთაბრძოლაში, რომელიც შესაძლოა მიმდინარე თვეში გაიმართოს.

„თუ ბრძოლა ხანმოკლე იქნება, მე გავიმარჯვებ, ხოლო თუ ხანგრძლივი — [ცუკერბერგს] შეუძლია გაიმარჯვოს ამტანობის ხარჯზე“, — დაწერა მან Twitter-ზე.

ილონ მასკი განმარტავს, რომ ბრძოლისთვის სერიოზულად ემზადება, თუმცა რადგან დარბაზში ვარჯიშის დრო არ აქვს, სამსახურში სწევს სიმძიმეებს დღის განმავლობაში.
ამასთან ბიზნესმენი საკუთარ გვერდზე ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ ცუკერბერგთან შესარკინებლად ამ საბრძოლო სტილით მიდის.
ამერიკელი მილიარდერის თქმით, ორთაბრძოლა Twitter-ზე პირდაპირ ეთერში გადაიცემა, ხოლო მთელი შემოსავალი ვეტერანთა საქველმოქმედო ფონდებში გადაირიცხება.
როგორც UFC-ს პრეზიდენტმა დანა უაიტმა განაცხადა, ორთაბრძოლის ორგანიზაციის საკითხებზე უკვე გამართა მოლაპარაკებები მასკთან და ცუკერბერგთან. უაიტის თქმით, ორივე ბიზნესმენი სერიოზულადაა განწყობილი ბრძოლისთვის, რომელიც შესაძლოა ლას-ვეგასში საგამოფენო ფორმატში ჩატარდეს და სპორტულმა კომისიამ არ გააკონტროლოს.
ამერიკული კორპორაცია „მეტას“ აღმასრულებელ დირექტორ მარკ ცუკერბერგსა და Twitter-ის მფლობელ ილონ მასკს შორის შერკინების თაობაზე ინფორმაცია ივნისის შუა რიცხვებში გავრცელდა. მას საფუძვლად მსოფლიოს ორ უმდიდრეს ადამიანს შორის კონფლიქტი უდევს.
დაპირისპირება მას შემდეგ წარმოიშვა, რაც „მეტამ“ გამოაცხადა, რომ Twitter-ის კონკურენტული აპლიკაციის შექმნაზე მუშაობს — კოდური სახელწოდებით Project 92. ამის შემდეგ ილონ მასკმა არაერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა ცუკერბერგს, ერთ-ერთ ტვიტში კი დაწერა, რომ მასთან რინგზე ჩხუბი სურს. ცუკერბერგმა, რომელიც ჯიუ-ჯიცუს საბრძოლო ხელოვნებას ფლობს, უკან არ დაიხია და მასკს ადგილის დასახელება მოსთხოვა. მაშინ მასკმა შესაძლო რინგად ლას-ვეგასის ოქტაგონი დაასახელა.