თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. მიმდინარე კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება (თბური ტალღა). ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოში ტემპერატურა პლუს 41 გრადუსს მიაღწევს.
კერძოდ, ცალკეულ დღეებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია პლუს 37-39 გრადუსს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში პლუს 39-41 გრადუსს მიაღწიოს.
ქვეყნის მთიან რაიონებში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 33-38 გრადუსამდე, მაღალ მთაში კი 28-33 გრადუსამდე მოიმატებს.
უწყების ცნობით, მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურები სითბური სტრესის, ტყის ხანძრებისა და მყინვარების დნობასთან დაკავშირებული პროცესების გააქტიურების ხელშემწყობ პირობებს წარმოადგენს.