თაღლითობა ბათუმში ბინების გაქირავების სფეროში: პოლიცია ეჭვმიტანილს ეძებს

თაღლითი ბინების გაქირავების სანაცვლოდ კლიენტებს თანხას წინასწარ არიცხვინებდა, შემდეგ კი კონტაქტზე აღარ გამოდიოდა.
Sputnik
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. ბათუმის პოლიციამ ბინების გაქირავებასთან დაკავშირებული შესაძლო თაღლითობის ფაქტების გამოძიება დაიწყო, იუწყება აჭარის ტელევიზია.
მოქალაქეების განცხადებით, თაღლითი ბინების გაქირავების სანაცვლოდ კლიენტებს თანხას წინასწარ არიცხვინებდა, შემდეგ კი კონტაქტზე აღარ გამოდიოდა. ამასთან ის ამტკიცებდა, რომ აჭარის ტელევიზიაში მუშაობდა.
მოტყუებულმა მოქალაქეებმა მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერეს და აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელობას მიმართეს.
როგორც აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში განაცხადეს, ეჭვმიტანილ პირს მათთან არასდროს უმუშავია.
შსს საქმეს თაღლითობის მუხლით იძიებს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.