შემოსავლების სამსახური - შეზღუდვები ავტომობილების ექსპორტზე მესამე ქვეყნებს არ ეხება

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სანქციების გამო დაწესებული გადაწყვეტილება აშშ-ის წესების გამო წინასწარ არ გამოცხადდა.
Sputnik
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. შეზღუდვები სანქციების გამო აშშ-დან და ევროკავშირიდან შემოყვანილი ავტომობილების ექსპორტ/რეექსპორტზე სხვა ქვეყნებს არ შეეხება, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
საქართველოში 1 აგვისტოდან შეიზღუდა აშშ-დან ჩამოყვანილი ავტომობილების ექსპორტი და რეექსპორტი რუსეთსა და ბელარუსში. ასევე 26 სექტემბრიდან აიკრძალება ევროკავშირიდან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტიც რუსეთსა და ბელარუსში.

„დამატებით განვმარტავთ, რომ შეზღუდვები არ ეხება აშშ-დან და ევროკავშირიდან შემოყვანილი ავტომობილების ექსპორტს/რეექსპორტს იმ ქვეყნებში, რომლებიც არ არის მითითებული აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ სანქციებში", – ნათქვამია განცხადებაში.

შემოსავლების სამსახური ასევე განმარტავს, რომ სანქციების გამო დაწესებული გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ ვერ გამოაცხადებდნენ.
„როგორც ცნობილია, აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებისას არ ხორციელდება წინასწარი კონსულტაციები სხვა ქვეყნებთან და, შესაბამისად, წინასწარ არ არის ცნობილი არც კონკრეტული საქონლის კოდი, რომელიც ხვდება სანქციების სიაში და არც მისი ამოქმედების ვადები. შესაბამისად, მოსალოდნელი სანქციების თაობაზე ინფორმაცია წინასწარ ვერ იქნება გაზიარებული ბიზნეს-ოპერატორებისთვის, რომლებზეც შესაძლებელია გარკვეული გავლენა ჰქონდეს აღნიშნულ სანქციებს", – აღნიშნულია განცხადებაში.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, უწყებას მუდმივად აქვს კონსულტაციები აშშ-ისა და ევროკავშირის უწყებებთან და ინფორმაციას მხოლოდ ოფიციალური დადასტურების შემდეგ ავრცელებს.
საქართველოს კიდევ ერთი განცხადება - ქვეყანა ანტირუსულ სანქციებს იცავს>>
სანქციების მე-11 პაკეტის თანახმად, „ლუქსის" კლასის (50 ათას ევროზე მეტი ღირებულების) ავტომობილების რუსეთში ექსპორტზე აკრძალვა გააფართოვეს ყველა – ახალ და ძველ ავტომობილზე, რომელთა ძრავის მოცულობა 1,9 ლიტრზე მეტია, ასევე ყველა ელექტრო და ჰიბრიდულ ავტომობილზე. აკრძალვა ასევე შეეხო სათადარიგო ნაწილების შეტანას.
საქართველომ 2023 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში სულ 48.603 ავტომობილის რეექსპორტი განახორციელა. ამასთან, 2023 წლის მეორე კვარტალში ავტომობილების რეექსპორტი 23,1%-ით გაიზარდა პირველ კვარტალთან შედარებით და 27.384 ავტომობილი შეადგინა.
ავტომობილების რეექსპორტის 98% მსუბუქი ავტომობილია. სულ საქართველომ წლის პირველ ნახევარში საზღვარგარეთ 47.732 მსუბუქი ავტომობილი გაყიდა.
საქართველო და საერთაშორისო სანქციები
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამავდროულად, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტურალ დახმარებას უწევს.
აიკრძალა აშშ-დან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტი რუსეთსა და ბელარუსში>>
ამასთან, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით, და დღემდე სანქციების დარღვევაზე ქვეყნის მიმართ წარდგენილი არცერთი ბრალდება არ დადასტურებულა.
ოპოზიცია მრავალი თვე ადანაშაულებდა ხელისუფლებას სანქციების თავიდან არიდებაში რუსეთის დახმარებაში, მაგრამ ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა სანქციების საკითხებში, რომლებიც საქართველოში 2023 წლის ივნისში იმყოფებოდნენ, დადებითად შეაფასეს საქართველოს ხელისუფლების მუშაობა.