პესკოვი: კრემლი არ არის მზად, დაიჯეროს აშშ-ის დაპირება

Sputnik
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. კრემლში არ არიან მზად, დაიჯერონ აშშ-ის განცხადება რუსული ექსპორტის ხელშეწყობის შესახებ, თუ მოსკოვი მარცვლეულის გარიგებას დაუბრუნდება, განუცხადა „რია ნოვოსტის“ პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა.

„სიტყვაზე არ ვენდობით“, — განუცხადა მან სააგენტოს.

მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა რუსეთს მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის გამო უსაყვედურა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აშშ-ის სანქციები სურსათსა და სასუქებზე არ ვრცელდება.
ბლინკენის თქმით, გარიგების მოქმედების დროს აშშ გადაზიდვებთან და დაზღვევასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაზე მუშაობდა, მათ შორის, წერილებს სწერდა ბანკებს ტრანზაქცების უზრუნველსაყოფად. და იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი შეთანხმებაში დაბრუნდება, ვაშინგტონი „ყველაფერ აუცილებელს გააკეთებს“ სურსათის ექსპორტისთვის.
რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან, რომელსაც 2022 წლის 22 ივლისს მოაწერეს ხელი რუსეთის, თურქეთის, უკრაინისა და გაეროს წარმომადგენლებმა, მიმდინარე წლის 17 ივლისს გავიდა. აღნიშნული ინიციატივა უკრაინული მარცვლეულის, სურსათისა და სასუქის შავი ზღვის გავლით ექსპორტს გულისხმობს.
ხელშეკრულებიდან გასვლის მიზეზად კრემლმა შეთანხმების მეორე ნაწილის, რუსეთი-გაეროს მემორანდუმის შეუსრულებლობა დაასახელა, რომელიც რუსული სურსათისა და სასუქების ექსპორტის განბლოკვას, „როსსელხოზბანკის“ SWIFT-თან ხელახლა დაკავშირებას, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, სათადარიგო ნაწილებისა და სერვისების მიწოდების განახლებას, ტოლიატი-ოდესის ამიაკის მილსადენის მუშაობის აღდგენასა და რიგ სხვა ღონისძიებებს ითვალისწინებდა.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთი განიხილავს გარიგებაში დაბრუნების შესაძლებლობას, თუ მასში მონაწილეობის ყველა პრინციპი განხორციელდება.