თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. აზერბაიჯანი მზად არის საქართველოს გაუწიოს ყველანაირი დახმარება შოვში სამაშველო ღონისძიებებსა და სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში, განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა ქართველ კოლეგა ილია დარჩიაშვილთან სატელეფონო საუბრის დროს.
ბოლო მონაცემებით, მეწყრის შედეგად, რომელიც შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა, 11 ადამიანი დაიღუპა. მიწის მასამ თითქმის მთლიანად გაანადგურა კურორტის ტურისტული ინფრასტრუქტურა, მისკენ მიმავალი ხიდები და გზა. ორი დღის განმავლობაში მაშველებმა სტიქიის ზონიდან 210 ადამიანი გამოიყვანეს. მიმდინარეობს 25 ადამიანის სამძებრო ოპერაცია.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ღრმა სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს, საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს, ბაირამოვმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ ყველა უგზო-უკვლოდ დაკარგულს უახლოეს დროში იპოვიან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის მადლიერება გამოხატა.
სტიქიური უბედურების ადგილზე მუშაობს დაახლოებით 400 მაშველი, სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი, კინოლოგები. ადგილზე სამხედროებს ელოდებიან.
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძის განცხადებით, მეწყერის ჩამოწოლა გამოიწვია უხვმა ნალექმა, მყინვარების დნობამ, ღვარცოფმა. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა.
ექსპერტები ფიქრობენ, რომ ამ ეტაპზე ტრაგედიის განმეორების საფრთხე არ არსებობს.
7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.