უსაფრთხოების სამსახური რვა წლისაა – პრემიერმა სამსახურის თანამშრომლებს მიულოცა

პრემიერმა სამსახურის თანამშრომლების მაღალ პროფესიონალიზმზე გაამახვილა ყურადღება.
Sputnik
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს დაარსებიდან რვა წელი მიულოცა და განსაკუთრებულად აღნიშნა მათი წვლილი სახელმწიფოსა და უსაფრთხოების გაძლიერებაში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოს შსს-ს შესაბამისი დეპარტამენტის ბაზაზე 2015 წელს ჩამოყალიბდა. მასში შევიდა ანტიკორუფციული და კონტრტერორისტული ცენტრები, ასევე უსაფრთხოების სამმართველო და რადიაციული ნარჩენების კონტროლის სამსახური.

„ამ სამსახურის დაფუძნებიდან რვა წელი გავიდა და მას შემდეგ სამსახურმა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები ჩაატარა, განახორციელა, ჩამოყალიბდა როგორც დამოუკიდებელი, ეფექტიანი სისტემა, სამსახური, რომელიც იცავს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და აძლიერებს ჩვენს სახელმწიფოს, იცავს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს გრიგოლ ლილუაშვილს და სამსახურის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.
„მე მინდა კიდევ ერთხელ ჩვენი მთავრობის სახელით მადლობა გადავუხადო ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ეს სამსახური კიდევ უფრო სხვა დონეზე გადავიდა, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა, რითაც სამსახური კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა... ყველას მინდა მადლობა გადავუხადო, თითოეულ თქვენს თანამშრომელს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, სუსის ეფექტურ მუშაობას ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

„თქვენი როლი არის ერთ-ერთი გადამწყვეტი, მე ასე ვიტყოდი, ვინაიდან თქვენ ახდენთ საფრთხეების შეფასებას, იდენტიფიცირებას, როგორც შიდა, ისე გარე საფრთხეების გამოვლენას, პრევენციასა და აღკვეთას. ასევე ეს სამსახური ებრძვის ტერორიზმს, კორუფციას და, რაც მთავარია, კიდევ მინდა გავიმეორო, უმაღლეს დონეზე იცავს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას“, – განაცხადა პრემიერმა.

ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა სამსახურის თანამშრომლების მაღალი პროფესიონალიზმი და განაცხადა, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა სამსახურის საქმიანობა იყოს უფრო მეტად დაცული, გაძლიერებული, დაფასებული.