საქართველოს კიდევ ერთი განცხადება - ქვეყანა ანტირუსულ სანქციებს იცავს

შემოსავლების სამსახურმა აშშ-დან ჩამოყვანილი ავტომობილების რუსეთში ექსპორტისა და რეექსპორტის შეზღუდვის შესახებ განაცხადა.
Sputnik
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. რუსეთი ვერ შეძლებს საქართველოში საერთაშორისო სანქციების თავის არიდებას, და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება იმ პოლიტიკის ნაწილია, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება მიზანმიმართულად ატარებს, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან", საგარეო ურთიერთობების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.
უფრო ადრე შემოსავლების სამსახურმა განაცხადა, რომ შეიზღუდა აშშ-დან ჩამოყვანილი ავტომობილების ექსპორტი და რეექსპორტი რუსეთსა და ბელარუსში. გარდა ამისა, უწყების მონაცემებით, აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მე-11 პაკეტის შესაბამისად, 26 სექტემბრიდან აიკრძალება აგრეთვე ევროკავშირიდან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტიც რუსეთსა და ბელარუსში.

„ჩვენ საკმაოდ ლოგიკურად და მიზანმიმართულად ვახორციელებთ იმ პოლიტიკას, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეს გამოვაცხადეთ. ჩვენ სანქციებს არ ვაწესებთ, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში რუსეთი საერთაშორისო სანქციებს გვერდს ვერ აუვლის. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაც ამ პოლიტიკის ნაწილია“, – განუცხადა სამხარაძემ ჟურნალისტებს.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, დეზინფორმაციისა და ისტერიის კამპანიას უკვე დიდი ხანია წერტილი დაესვა.
„განსაკუთრებით მაშინ, როცა სანქციების კოორდინატორები ამერიკიდან, ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში იმყოფებოდნენ და მათ თქვეს, რომ საქართველო თანამშრომლობის თვალსაზრისით სამაგალითოა“, – აღნიშნა სამხარაძემ.
საქართველოს ხელისუფლება თანამშრომლობისთვის მზადაა, აგრეთვე მზადაა რამე ხარვეზის არსებობის შემთხვევაში ის გამოასწოროს, აღნიშნა, თავის მხრივ, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
აიკრძალა აშშ-დან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტი რუსეთსა და ბელარუსში>>
„მაგრამ ხაზი მინდა გავუსვა, რომ არ გადავდგამთ ნაბიჯს, რომელიც შეიძლება დამაზიანებელი იყოს ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის“, – განაცხადა კალაძემ.
ამასთან დაკავშირებით კალაძემ პოლონეთის მაგალითი მოიყვანა – ქვეყნის, რომელიც უერთდება საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს.
უფრო ადრე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგების“ შეწყვეტის შემდეგ პოლონეთი არ გახსნის თავის ბაზარს უკრაინული მარცვლეულისთვის. ამასთან, მან აღნიშნა, რომ პოლონეთი მზადაა უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტი უზრუნველყოს.

„პოლონეთი გამოდის და ამბობს, რომ ისინი გაატარებენ თავიანთი ქვეყნის ინტერესებს და ხორბლის შეტანაზე გადაწყვეტილებას სოფლის მეურნეობის და იქ მცხოვრები ადამიანების ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებენ. ასევე იმოქმედებს საქართველოს ხელისუფლება“, – განაცხადა კალაძემ.

პოლონეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ ბოლო დროს ურთიერთობები უკრაინასთან გაუარესდა უკრაინელი პოლიტიკოსების გამონათქვამების ფონზე. ერთ-ერთი სადავო საკითხია პოლონეთის უარი, გახსნას თავისი საზღვარი უკრაინული მარცვლეულისთვის. კიევი ამ გადაწყვეტილებას პოპულიზმად აფასებს. ვარშავა აცხადებს, რომ ისედაც ბევრს ეხმარება უკრაინას და უფლება აქვს, დაიცვას თავისი სოფლის მეურნეობა ისე, რომ მადლობის ნაცვლად კრიტიკა არ მოისმინოს.
საქართველო და საერთაშორისო სანქციები
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამავდროულად, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტურალ დახმარებას უწევს.
საქართველოში „შავი ხვრელები“ არაა - დეპუტატმა სანქციების გვერდის ავლაზე ბრალდებებს უპასუხა>>
ამასთან, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით, და დღემდე სანქციების დარღვევაზე ქვეყნის მიმართ წარდგენილი არცერთი ბრალდება არ დადასტურებულა.
ოპოზიცია მრავალი თვე ადანაშაულებდა ხელისუფლებას სანქციების თავიდან არიდებაში რუსეთის დახმარებაში, მაგრამ ევროკავშირის, აშშ–ისა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა სანქციების საკითხებში, რომლებიც საქართველოში 2023 წლის ივნისში იმყოფებოდნენ, დადებითად შეაფასეს საქართველოს ხელისუფლების მუშაობა.