თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. ხეტყის დამზადებისა და სატყეო მეურნეობის წარმოების მდგრადი სისტემის დანერგვის მიზნით ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს „საქმიანი ეზოების" მოწყობა, ნათქვამია ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ. ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
სააგენტოს ცნობით, დღევანდელი მდგომარეობით, მოწყობილია 40-მდე ე.წ. საქმიანი ეზო, რომელთაც წლის ბოლომდე კიდევ 20-მდე ობიექტი დაემატება. ამ ეტაპზე სამუშაოები ყვარელში, ახმეტაში, ტყიბულში, საჩხერეში, ცაგერსა და მარტვილში მიმდინარეობს.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში „საქმიანი ეზოს" მშენებლობის მიმდინარეობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე გაეცნო.
მისი თქმით, ტყის კოდექსიდან გამომდინარე, ეროვნულ სატყეო სააგენტოს აღებული აქვს პასუხისმგებლობა, რომ 2026 წელს სრულად ჩაანაცვლოს სოციალური ჭრის პრაქტიკა და მოსახლეობა უზრუნველყოს მდგრადი ტყისთსარგებლობის შედეგად მოპოვებული საშეშე მერქნით.
„აქედან გამომდინარე, 2023-2024 წლები სააგენტოსთვის არის გადამწყვეტი და წარმოადგენს სისტემის აწყობისთვის მოსამზადებელ ეტაპს, რისთვისაც საჭიროა როგორც ტექნიკური, ისე მატერიალური რესურსების მობილიზება", – განაცხადა კაკაბაძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, სისტემის პილოტირებისთვის ეროვნული სატყეო სააგენტო საჭირო აღჭურვილობას შეიძენს, რისთვისაც გამოყოფილია დაახლოებით 10 მლნ ლარის დაფინანსება.
„საქმიანი ეზოები", რომელთა საერთო რაოდენობა მომავალში 90-ზე მეტი იქნება, სატყეო რეფორმის ფარგლებში მოეწყო და იგი ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ ინტენსიურად ხორციელდება. „საქმიანი ეზოები" ვიდეო-სამეთვალყურეო აპარატურითაა აღჭურვილი, რაც ხელს უწყობს ობიექტებზე კონტროლისა და უსაფრთხოების წესების გაძლიერებას.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მილიონ ჰექტარს იკავებს, საიდანაც 2,7 მილიონი ჰექტარი დაფარულია ტყეებით, რაც ქვეყნის საერთო ტერიტორიის 40%-ს შეადგენს.
საქართველოში ხეტყის ჭრა დაშვებულია მხოლოდ სპეციალურ ტერიტორიაზე და ისიც კონკრეტული ხეების. ხეტყის უკანონო მოჭრა ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით – თუ საუბარია იშვიათ ხეებზე ან ხეტყის ჭრაზე ნაკრძალში.