ვერავინ გაბედავს ბიუჯეტიდან საყვარლების დაფინანსებას - კალაძე პრემიერის შემოსავლებზე

Sputnik
თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შემოსავლები სრულად არის ასახული მის ქონებრივ დეკლარაციაში და ყველასთვის ხელმისაწვდომია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
სტუდია „მონიტორმა", რომელიც საგამოძიებო ჟურნალისტიკით არის დაკავებული, გამოაქვეყნა პრემიერის მეუღლის ნუნუკა თამაზაშვილის ფოტო, რომელიც 14 ივლისს საფრანგეთის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისში გამართულ ღონისძიებაზეა გადაღებული. „მონიტორის" მტკიცებით, თამაზაშვილი ძვირადღირებულ ტანსაცმელსა და აქსესუარებში იყო გამოწყობილი.

„პრემიერის შემოსავალს რაც შეეხება, ყველაფერი მითითებული აქვს დეკლარაციაში. ერთ რამეს გეტყვით: დღეს საქართველოში ვერცერთი მაღალჩინოსანი, თუნდაც პრემიერ-მინისტრი იყოს, ვერ გაბედავს, რომ ბიუჯეტიდან დააფინანსოს საყვარლები, საკუთარი მასაჟისტი ქალბატონების ჩამოყვანით", – განაცხადა კალაძემ.

კალაძის თქმით, ის ბევრ მაღალჩინოსანს იცნობს, რომლებსაც ძალიან ნიჭიერი და წარმატებული შვილები ჰყავთ, მაგრამ, როგორც მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ეს არ შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ ვიღაცამ ბიუჯეტიდან ფული აიღოს და შვილის განათლება დააფინანსოს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბოლო დეკლარაციის მიხედვით, მისი წლიური შემოსავალი 44,1 ათას ლარს ოდნავ აღემატება. რაც შეეხება მის მეუღლეს, სტუდია „მონიტორის" ინფორმაციით, თამაზაშვილი ამჟამად უმუშევარია. თუმცა, მას „ბანკ ქართუში" აქვს სესხი აღებული ავტომობილის შესაძენად და ბაკურიანში სახლის მშენებლობისთვის.