თურნავა: საქართველოს ეკონომიკური ზრდა წელს შესაძლოა 6%-ზე მეტი იყოს

Sputnik
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. არ არის გამორიცხული, რომ 2023 წლის ეკონომიკური ზრდა დაგეგმილ 6%-ზე მაღალიც იყოს, განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ.
მისი თქმით, ეროვნულმა ბანკმა 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უკვე გააუმჯობესა და 5%-დან 6%-მდე ასწია, თუმცა „გამორიცხული არ არის, რომ უფრო მაღალიც იყოს“.

„ეს, ერთი მხრივ, ძალიან დიდი პოზიტივის მომტანია ქვეყნისთვის. ეს ნიშნავს, რომ ვითარდება მთელი რიგი დარგები, ეს ნიშნავს მეტ შემოსავლებს, ეს ნიშნავს იმას, რომ დასაქმების მაღალი დონე, რაც არის მიღწეული, კვლავაც შენარჩუნდება“, — აღნიშნა თურნავამ.

როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, საჭიროა თვალყურის მიდევნება, რომ მაღალი სამომხმარებლო მოთხოვნა ფასებზე ნეგატიური შედეგის მომტანი არ იყოს, რაც „ფრთხილი მონეტარული პოლიტიკით“ ხორციელდება.
რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის ძირითად მამოძრავებელ ელემენტებს, თურნავამ ორი მთავარი ფაქტორი გამოყო — ინვესტიციები და საგარეო ვაჭრობა.

„კარგია, რომ ინვესტიციები გააქტიურდა. მე გამოვყოფდი საფინანსო სექტორის, საბანკო სექტორის წამყვან როლს ეკონომიკურ ზრდაში. ჩვენი საფინანსო სექტორი არის ძალიან ჯანსაღი, ძლიერი და კვლავაც ასრულებს მნიშვნელოვან როლს ეკონომიკურ ზრდაში“, — განაცხადა ნათია თურნავამ.

მან ასევე ისაუბრა ინფლაციის შესახებ და ხაზი გაუსვა, რომ წლიური ინფლაციის მონაცემი კლებადია.
„მნიშვნელოვანია, რომ მყარი ლარის ფონზე იმპორტული ინფლაცია, ანუ ის ინფლაცია, რომელიც დაკავშირებულია იმპორტული საქონლის ფასებთან, არის მნიშვნელოვნად შემცირებული. ანუ, არათუ არ იზრდება ამ კუთხით ფასები, არამედ ფასები ფიზიკურადაც მცირდება“, — განაცხადა თურნავამ.
მისი თქმით, საკვები პროდუქტების გარდა, პერიოდულად მცირდებოდა საწვავისა და მედიკამენტების ფასებიც.
„აქედან გამომდინარე, პროგნოზი საკმაოდ დამაიმედებელია. ჩვენი მოლოდინი არის, რომ წლის ბოლომდე ინფლაცია კვლავაც იქნება მიზნობრივზე დაბალი. ამასთან, ეს ტენდენცია გაგრძელდება და მიზნობრივ 3%-ს 2024 წლის ბოლომდე მიუახლოვდება“, — მიაჩნია თუნავას.
სებ-ის ხელმძღვანელის თქმით, მარეგულირებელს სურს შეინარჩუნოს „ის პოზიტიური სტატუს-კვო, რაც დღეს ეკონომიკაში არსებობს“.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს რეალური ეკონომიკური ზრდა 2023 წლის ივლისში 7,7% იყო, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე მაღალია. მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის საშუალო მაჩენებელმა კი 2023 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში 7,6% შეადგინა.