თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ტერიტორიიდან 1 აგვისტოდან აიკრძალა აშშ-დან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტი რუსეთსა და ბელარუსში. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მე-11 პაკეტის შესაბამისად მიიღეს.
ამასთან, 26 სექტემბრიდან აიკრძალება ევროკავშირიდან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტიც რუსეთსა და ბელარუსში.
ევროკავშირმა 23 ივნისს რუსეთის წინააღმდეგ მე-11 პაკეტი დაამტკიცა. ნოვაციების სიაში შედის ზემოქმედების მექანიზმის დანერგვა იმ მესამე ქვეყნებზე, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან სანქცირებული საქონლის რეექსპორტში; ასევე სხვადასხვა პროდუქციის რუსეთის გავლით ტრანზიტის აკრძალვა და ევროკავშირში სამამულო წარმოების სატვირთო მისაბმელების გამოყენება, ასევე სხვა ზომები პერსონალური შეზღუდვების ჩათვლით.
რუსეთი საქართველოს ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორად რჩება. საქონელბრუნვა საქართველოსა და რუსეთს შორის 2023 წლის იანვარი–მაისში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 38,4%-ით გაიზარდა და 1,1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 33,8%-ით გაიზარდა. მათ შორის მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი აღნიშნულ პერიოდში თითქმის 5,5-ჯერ გაიზარდა და დარგის ბრუნვამ 41,4 მლნ დოლარს მიაღწია.
მანამდე ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან საქართველოს მიერ მიღებულია საბაჟო-გამშვები პუნქტებიდან სანქცირებული საქონლის უკან გაბრუნების 1200-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება, გაფორმების ეკონომიკურ ზონებში საქონლის ექსპორტის ან რეექსპორტის განზრახვის თაობაზე პირის ზეპირი/წერილობითი მიმართვისას უარის თქმის 800-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით, და დღემდე სანქციების დარღვევაზე ქვეყნის მიმართ წარდგენილი არცერთი ბრალდება არ დადასტურებულა.