თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სიონის საკათედრო ტაძარში ილიაობის დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია აღავლინა და მრევლს ერთმანეთის სიყვარულისკენ მოუწოდა.
მართლმადიდებელი ეკლესია 2 აგვისტოს „ილიაობას" – წინასწარმეტყველი ელია თეზბიტელის ხსენების და ილია მართლის (ილია ჭავჭავაძის) დღეს აღნიშნავს.
„სიხარული შედეგია სიყვარულისა; გიყვარდეთ ერთმანეთი. ერთმანეთის სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი", – განაცხადა პატრიარქმა.
საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, რომელიც ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და ტაძრის მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა, მრევლი პატრიარქს შეეგება შეძახილებით „გვიყვარხარ, პატრიარქო!"
წინასწარმეტყველი ელია – ერთ-ერთი უდიდესი წინასწარმეტყველი ლევიტელთა ტომიდან იყო. ის ქრისტეს შობამდე ცხრაასზე მეტი წლის წინ მოღვაწეობდა.
საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ელია თეზბიტელის ხალენი (მოსასხამი) საქართველოში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკვდერშია დაკრძალული.
ილია ჭავჭავაძე (1837–1907 წწ ) ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი იყო.
ილია ჭავჭავაძე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 1987 წელს ერისა და ეკლესიის წინაშე წმინდანად შერაცხა და მას წმინდა ილია მართალი უწოდა.