რძლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

მამაკაცმა რძალი სანადირო თოფიდან გასროლით გასული წლის დეკემბერში მოკლა.
Sputnik
თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული მამაკაცი დამნაშავედ ცნო და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შემთხვევა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურში გასული წლის დეკემბერში მოხდა.
გამოძიების მიხედვით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს 63 წლის მამაკაცმა სანადირო თოფიდან გასროლით რძალს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად 40 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.