თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. რუსი დელეგატები ვერ დაესწრნენ გაეროს ღონისძიებას, ვინაიდან დიდმა ბრიტანეთმა მათზე ვიზები არ გასცა, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“ გაეროში რუსეთის მუდმივ მისიაზე დაყრდნობით.
„დიდი ბრიტანეთის მთავრობამ არ გასცა ვიზები რუს დელეგატებზე გაეროს გაერთიანებული საპენსიო ფონდის (UNJSPF) სესიაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ლონდონში 23-დან 28 ივლისის ჩათვლით იმართებოდა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მოწვევით“, — ნათქვამია რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის განცხადებაში.
როგორც მისიაში აღნიშნავენ, რუსი დელეგატები გაეროს გენერალური ასამბლეისა და FAO-ს (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) კონფერენციის მიერ იყვნენ უფლებამოსილი, წარმოედგინათ ეს ორგანოები.
რუსი დიპლომატების თქმით, ამ ნაბიჯით დიდმა ბრიტანეთმა დაარღვია თავისი, როგორც IMO-ს შტაბ-ბინის მასპინძელი ქვეყნის ვალდებულებები და ამასთან გაეროს გენასამბლეისა და FAO-ს კონფერენციის შესაბამისი გადაწყვეტილებების წინააღმდეგაც წავიდა. ეს კი, მათი მტკიცებით, „უპასუხისმგებლო საქციელია“, რომელიც მიუღებელია საერთაშორისო სამართლის ფარგლებში.