საქართველოში სხვისი ნივთის დაზიანებისთვის სასჯელი გამკაცრდა

კანონპროექტის ინიციატორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ანრი ოხანაშვილი, მაია ბითაძე, დავით მათიკაშვილი და თენგიზ შარმანაშვილი.
Sputnik
თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. 1 აგვისტოდან ძალაში შევიდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები, რაც სხვისი ნივთის დაზიანებისა და განადგურებისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს.
ცვლილებების თანახმად, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დაისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 100-დან 140 საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით 1 წლამდე, ან შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 2 წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1-დან 5 წლამდე.
ძველი ვერსიით, აღნიშნული დანაშაულისთვის თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადა 3 წელი იყო.
ახალი ვერსიით, ნივთის განადგურება ან დაზიანება ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, არაერთგზის, ჯგუფურად – ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 3-დან 6 წლამდე. მანამდე აღნიშნული დანაშაული ისჯებოდა პატიმრობით 3-დან 5 წლამდე.