თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბათუმის პორტში საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ის შემოსვლასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტების მიმართ პოლიციელების მხრიდან განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ორშაბათს ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ს, რომლის ბორტზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ, ხმაურიანი პროტესტით შეხვდნენ. აქციის დროს პოლიციასთან რამდენიმე შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც 19 ადამიანი დააკავეს. აღნიშნული მოვლენების ფონზე ბათუმი ლაინერის შემდგომი მარშრუტების სიიდან ამოიღეს.
„სპეციალური საგამოძიებო სამსახური ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას აქტიურ რეჟიმში ატარებს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება სახალხო დამცველის აპარატიდან და შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან შესული შეტყობინებების საფუძველზე დაიწყო.
საქართველოს ხელისუფლებამ ლაინერთან დაკავშირებულ მოვლენებს ოპოზიციის მიზანმიმართული პროვოკაცია და დესტრუქციული მოქმედება უწოდა. ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, არანაირი განსხვავება არაა ტურისტებს შორის, რომლებიც ან თვითმფრინავით შემოდიან ქვეყანაში, ან ავტომობილით, ან საზღვაო გზით. ოპოზიციონერების მიზანია საქართველოში ტურიზმის და ამით ეკონომიკის განვითარების შეფერხება.
ხელისუფლებაში აღნიშნეს, რომ გემი Astoria Grande პალაუს დროშით დაცურავს და მას თურქეთის საკრუიზო კომპანია Miray Cruises International ემსახურება. გემთმფლობელი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია Goodwin Shipping Limited-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.
ორშაბათს Astoria Grande-მ ბათუმში მეორე რეისი შეასრულა. პირველ რეისს, რომელიც 27 ივლისს განხორციელდა, ოპოზიცია ასევე საპროტესტო აქციით დახვდა.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.