თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის განცხადება მანიპულაციაა, რომელიც ახალისებს ძალადობას და ისტერიას - ქართველ ხალხს არ სჭირდება მეურვე, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
უფრო ადრე აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ბათუმში საკრუიზო ლაინერი Astoria Grande-ს შემოსვლასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციაზე, რომელზეც რუსი ტურისტები იმყოფებდნენ, განაცხადა, რომ არავინ უნდა ელოდოს, რომ ქართველები მიესალმებიან ადამიანებს რუსეთიდან ქვეყნის ტერიტორიული პრობლემებიდან გამომდინარე.
„ეს აბსოლუტური მანიპულაციაა, როცა საუბარია, თითქოს ეს არის ხალხის ნება... საერთოდ, უცხოელი დიპლომატების მხრიდან ასეთი ტიპის განცხადებები არის სახიფათო გზა, როდესაც საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით. ქართველ ხალხს არ სჭირდება მეურვე, მით უმეტეს, უცხოური მეურვეობა“, -განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის თქმით, პრობლემაა, როდესაც ისეთი აქციების მხარდჭერა ხდება, როგორიც ბათუმში გუშინ გაიმართა.
„პრობლემაა, როდესაც ხდება ასეთი ისტერიის მხარდაჭერა და ისეთი შეფასებები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, მათ შორის აშშ-ის ელჩის მხრიდან. შემდეგ ეს ახალისებს ისტერიას. ის ძალადობა, რომელიც ჩვენ იქ გუშინ ვნახეთ, ახალისებს საქართველოს პოლიციაზე თავდასხმას“,-აღნიშნა პაპუაშვილმა.
როგორც პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, ელჩები თუ ვინმეს წარმოადგენენ, მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ხალხს და თუ ვინმეს ინტერესს იცავენ, მხოლოდ საკუთარი ხალხის ინტერესს.
„ქართველი ხალხის ინტერესის დაცვა არ გახლავთ უცხო ქვეყნის ელჩის ამოცანა. ამიტომაც, რა თქმა უნდა, საკმაოდ ცუდი ტენდენციაა, როდესაც უცხო ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდან, ეს იქნება ელჩი თუ უცხოელი პოლიტიკოსი, ქართველი ხალხის სახელით საუბრის ფაქტები გვაქვს,“ - განაცხადა მან.
პაპუაშვილის თქმით, ეს არის ქართველი ხალხის მიმართებით ჩვეულებრივი მეურვეობითი დამოკიდებულება.
„თითქოს ქართველ ხალხს თავად არ ჰყავს წარმომადგენელი და მას სჭირდება უცხოელი დამხმარე იმისთვის, რომ მისი აზრები გააჟღეროს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ორშაბათს, ბათუმში ოპოზიციამ და მისმა მომხრეებმა საკრუიზო ლაინერი Astoria Grande-ს წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები გემს სტვენით, ბანერებითა და შეძახილებით შეხვდნენ. შეკრებილთა და პოლიციას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. დააკავეს 19 ადამიანი. ლაინერი, რომელიც ასრულებს რეისს სოჭიდან თურქეთში, ივლისიდან ბათუმის პორტში რეგულარულად შემოსვლას გეგმავდა, მაგრამ პორტში საპროტესტო აქციების ფონზე ბათუმი ლაინერის მარშრუტის სიიდან ამოიღეს.
საქართველოს ხელისუფლებამ ლაინერთან დაკავშირებულ მოვლენებს ოპოზიციის მიზანმიმართული პროვოკაცია და დესტრუქციული მოქმედება უწოდა. ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, არანაირი განსხვავება არაა ტურისტებს შორის, რომლებიც ან თვითმფრინავით შემოდიან ქვეყანაში, ან ავტომობილით, ან საზღვაო გზით. ოპოზიციონერების მიზანია საქართველოში ტურიზმის და ამით ეკონომიკის განვითარების შეფერხება.
როგორც ხელისუფლებაში განმარტეს, გემი Astoria Grande პალაუს დროშით დაცურავს და მას თურქეთის საკრუიზო კომპანია Miray Cruises International ემსახურება. გემთმფლობელი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია Goodwin Shipping Limited-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.
ორშაბათსAstoria Grande-მ ბათუმში მეორე რეისი შეასრულა. პირველ რეისს, რომელიც 27 ივლის სგანხორციელდა, ოპოზიცია ასევე საპროტესტო აქციით დახვდა.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.
საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით.