მსოფლიო დღეს

თავდაცვის სამინისტროს ფიასკო: უწყებამ შეცდომით საიდუმლო რუკების ფოტოები გამოაქვეყნა

Sputnik
თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. საბერძნეთის თავდაცვის სამინისტროს მორიგი ფიასკო მოუვიდა — უწყებამ შეცდომით გამოაქვეყნა საიდუმლო სამხედრო რუკების ფოტოები, იტყობინება ბერძნული საინფორმაციო პორტალი Antitheto.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ნეა-ანქიალოსში 111-ე ავიაბაზის საბრძოლო მასალების საცავებში გაჩენილი ხანძრის შემდეგ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნიკოს ჰარდალიასმა სამხედრო ობიექტებზე სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის რიგგარეშე შემოწმება დაიწყო.

„ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებზეც აღბეჭდილია, თუ როგორ უყურებს მინისტრის მოადგილე საიდუმლო სამხედრო რუკებს ერთ-ერთი ობიექტის შემოწმებისას“, — ნათქვამია პუბლიკაციაში.

ფოტოები თავდაცვის სამინისტროს პრეს-რელიზთან ერთად დაიგზავნა. შეცდომის აღმოჩენის შემდეგ მედიასაშუალებებს ახალი პრეს-რელიზები გაუგზავნეს უკვე გაბუნდოვნებული რუკებით.
პორტალის ცნობით, „ამ დაუშვებელი ინციდენტის“ შემდეგ თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვედანაყოფებში ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების შემოწმებები შეჩერებულია, ხოლო ჰარდალიასის ვიზიტები პეცალის, არაქსოსისა და ანდრავიდას აეროდრომებზე, რაც 31 ივლისისთვის იყო დაგეგმილი, გადადებულია.
წყარო: Antitheto