დეპუტატი ყურბან ბაირამის დროს სხდომების გაცდენის გამო ხელფასის დაქვითვას გაასაჩივრებს

ტარიელ ნაკაიძემ იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტის წევრები მხარს დაუჭერენ მის ინიციატივას.
Sputnik
თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფის“ წევრ დეპუტატს ტარიელ ნაკაიძეს ყურბან ბაირამის დღესასწაულზე პარლამენტის სხდომების გაცდენის გამო ხელფასის 10% ჩამოაჭრეს, რასაც ის სასამართლოში გაასაჩივრებს, იუწყება „პირველი არხი“.
ყურბან-ბაირამი მოძრავი დღესასწაულია და მარხვის დასრულებიდან 70-ე დღეს აღინიშნება. წელს მუსლიმური სამყაროს უდიდესი დღესასწაული 28 ივნისს იზეიმეს.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მან 27 ივნისს პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ 28-29 ივნისის სხდომებს არ დაესწრებოდა, თუმცა მას ხელფასის 10% მაინც დააკლეს.

„ერთი კონკრეტული რელიგიური მიმდინარეობა თუ რამდენიმე დღესასწაულს აღნიშნავს და უქმედაა გამოცხადებული, სხვა რელიგიური და ეთნიკური ჯგუფებისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ მნიშვნელოვანი დღესასწაულები უქმედ გამოცხადდეს“, – განაცხადა ნაკაიძემ.

ნაკაიძე დისკრიმინაციულად მიიჩნევს აღნიშნულ მიდგომას და გეგმავს საშემოდგომო სესიაზე შეიტანოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომლითაც საქართველოში მცხოვრებმა სხვადასხვა რელიგიურმა და ეთნიკურმა ჯგუფებმა უნდა ისარგებლონ უქმე დღეებით საკუთარ დღესასწაულებზე.
„ეს არის დაახლოებით ექვსი დღე სხვადასხვა რელიგიური უმცირესობისთვის. იმედი მაქვს, პარლამენტის წევრები დაუჭერენ მხარს ამ ინიციატივას“, – განაცხადა ნაკაიძემ.
კანონმდებლობის მიხედვით, პარლამენტის კომიტეტისა და პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო პარლამენტის წევრებს ხელფასის 10% უკავდება.