თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. საბურთალოს რაიონში, მიცკევიჩის ქუჩაზე 1 აგვისტოდან საგზაო სამუშაოები იწყება, რომლის ფარგლებშიც ტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაგეგმილი სამუშაოების გამო 1 აგვისტოდან შეზღუდვა შეეხება ტანძიის ქუჩისა და მიცკევიჩის ქუჩის კვეთიდან გამრეკელისა და მიცკევიჩის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს.
აღნიშნულ ტერიტორიაზე დღის საათებში გზის მხოლოდ ერთი მიმართულება ჩაიკეტება, ხოლო მეორე მხარეს მოძრაობა გახდება ორმხრივი.
„პირველ ეტაპზე შეიზღუდება ტანძიის ქუჩიდან გამრეკელის ქუჩის მიმართულებით მოძრავი საავტომობილო გზის მარჯვენა მხარე, ხოლო მეორე ეტაპზე გამრეკელის ქუჩიდან ტანძიის ქუჩის მიმართულებით მოძრავი საავტომობილო გზის მარჯვენა მხარე", – ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, პერიოდულად 24:00-დან 06:00 საათამდე მონაკვეთში მიცკევიჩის ქუჩაზე გადაადგილება შეიზღუდება ორ ეტაპად – ტანძიის ქუჩიდან ტაშკენტის ქუჩის კვეთამდე და ტაშკენტის ქუჩიდან გამრეკელის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთებში.
ტანძიის ქუჩიდან ტაშკენტის ქუჩის კვეთამდე არსებული საგზაო მონაკვეთის ჩაკეტვის პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ყაზბეგისა და პეკინის გამზირების, ასევე მიცკევიჩის, ტაშკენტის, ცაგარლისა და ბურძგლას ქუჩების გამოყენებით, ხოლო ტაშკენტის ქუჩიდან გამრეკელის ქუჩის კვეთამდე არსებული საგზაო მონაკვეთის შეზღუდვის პერიოდში მოძრაობა დასაშვები იქნება ყაზბეგისა და პეკინის გამზირების, საირმის, ტანძიის, მიცკევიჩისა და ტაშკენტის ქუჩების საშუალებით.
მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში 19.800 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, ტროტუარები და პანდუსები. ასევე დამონტაჟდება გარე განათების სისტემა.
საგზაო სამუშაოები სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც საკომუნიკაციო და გაზის დაზიანებული ქსელებიც მოწესრიგდება.