თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ გააფორმა ხელშეკრულებები სამი ქვეყნის კლინიკებთან, სადაც ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებს უფასოდ უმკურნალებენ, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ონკოდაავადებული ბავშვების როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში მკურნალობის ყველა ხარჯს სახელმწიფო თავის თავზე აიღებს. ამჟამად საქართველოში 300-მდე ასეთი ბავშვია. პაციენტები მკურნალობას უფასოდ შეძლებენ თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის სამ წამყვან კლინიკაში.
თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტი „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ წარმომადგენლებმა მოზარდების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის პარტნიორ კლინიკებთან გააფორმეს.
„ინტერესი ძალიან დიდია, მუდმივად შემოდის ზარები და განცხადებები. მინდა აღვნიშნო, რომ პირველი პაციენტი უკვე გავგზავნეთ თურქეთში და იგი დღეს უკვე იმყოფება კლინიკაში, სადაც იწყებს მომსახურების მიღებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვართ, რომ იქიდან გამოჯანმრთელებული დაბრუნდება“, – განაცხადა ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა ფესტვენიძემ.
ონკოდაავადებული ბავშვები უცხოეთის კლინიკებში იმ დრომდე იმკურნალებენ, ვიდრე ქვეყანაში არ აშენდება ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრი.
„ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ ბავშვებს კიბოს დამარცხებაში", – განაცხადა ისრაელის კლინიკა Sourasky Medical Center-ის (Ichilov) ჰემატოონკოლოგიური პედიატრიული განყოფილების დირექტორმა რონით ელჰასიდმა.
ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ბავშვთა ონკოლოგიური მიმართულების გაძლიერება სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის გახსნამდე არცერთი პაციენტი არ დარჩეს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების გარეშე.
„ონკოლოგიური დაავადებების მქონე ყველა ბავშვი შეძლებს უცხოეთში მკურნალობას. ყოველივე ეს შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ჩვენი უცხოელი პარტნიორების დიდი მხარდაჭერა", – განაცხადა აზარაშვილმა.
ონკოდაავადებული ბავშვების მკურნალობისთვის მთავრობა ბიუჯეტიდან დაახლოებით 30 მლნ ლარს გამოყოფს. ქართულმა მხარემ უკვე გააფორმა კონტრაქტები თურქეთის (Anadolu Medical Center), ისრაელის (Sourasky Medical Center - Ichilov) და ესპანეთის (QUIRON SALUD) წამყვან კლინიკებთან.
საქართველოს მთავრობა აფინანსებს დიაგნოსტიკას და მკურნალობის სტანდარტულ კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ქირურგიას, ასევე პროტონოთერაპიას პაციენტის საჭიროებიდან გამომდინარე.
მთავრობა დააფინანსებს არა მხოლოდ მკურნალობას, არამედ ტრანსპორტირებისა და საცხოვრებლის ხარჯს. თურქეთსა და ესპანეთში მკურნალობის ხარჯებში ბავშვის და ერთი თანმხლების ცხოვრების თანხებიც შედის, ისრაელში – არა. ესპანეთის კლინიკებში მკურნალობისას ხელმისაწვდომი იქნება პროტონოთერაპია, რასაც ასევე სახელმწიფო დააფინანსებს.
უმეტეს შემთხვევაში მკურნალობის ერთი კურსი 100 ათასი ევრო ჯდება, რის გამოც მთავრობამ გადაწყვიტა სრულად დაეფარა მკურნალობის ყველა ხარჯი. მანამდე სახელმწიფო ამ ბავშვების მკურნალობის ხარჯების მხოლოდ ნაწილს ფარავდა. ამ მიზნებისთვის მთავრობამ წელიწადში დაახლოებით 10 მილიონი ლარი გამოყო, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ახალი პროექტისთვის ბიუჯეტიდან დაახლოებით 30 მილიონი ლარია (10 მილიონ დოლარზე მეტი) გამოყოფილი.
პროგრამის პირობები
პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს 18 წლამდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე (დაავადებების საერთაშორისო კლასიფიკაციის (ICD) კოდით) პირი.
პროგრამაში მონაწილეობისთვის:
მშობელმა ან ოჯახის წარმომადგენელმა უნდა მიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს მიმღებს (თბილისი, წერეთლის გამზირი №144) და შეავსოს განაცხადის ფორმა, რომელსაც ადგილზე გასცემენ;
ბენეფიციარის და განაცხადის წარმდგენის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების მოწმობა/პასპორტი);
ბენეფიციარის ჯანმრთელობის ცნობა – ფორმა N IV–100/ა, შესაბამისი ICD–10 და/ან NCSP კოდების მითითებით (ნათარგმნი ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული);
არსებული დიაგნოსტიკური კვლევების პასუხები (მორფოლოგია, CT. და ა.შ. ნათარგმნი ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული).
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15-05.
ონკოდაავადებულთა განცხადებებს ქართველი და უცხოელი ექიმებისგან დაკომპლექტებული სპეციალური საბჭო განიხილავს, რომელიც იმსჯელებს კონკრეტული ბავშვის მდგომარეობაზე. პაციენტების განაწილება კლინიკებში მოხდება მათი ინდივიდუალური საჭიროებების, კლინიკის შესაძლებლობებისა და პაციენტის ოჯახის არჩევანის გათვალისწინებით.