დაადგინეთ, ბავშვი ჯიუტია თუ მიზანდასახული: ამოსაცნობი ნიშნები და გამოსწორების მეთოდი

Sputnik
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. ჯიუტი ბავშვის აღზრდა მშობლებისთვის ნამდვილი გამოცდაა, იმდენად მძიმე გამოცდა, რომ ზოგი მშობელი იმასაც კი ფიქრობს, რომ შვილი სატანჯველად შეეძინა, აცხადებენ ფსიქოლოგები.
თუმცა, მათი თქმით, სიჯიუტე ყოველთვის ნეგატიურ თვისებად კი არ უნდა განვიხილოთ, ცოტა უფრო ღრმად უნდა ჩავხედოთ საქმის არსს. ეს იმიტომ, რომ სიჯიუტე − ეს ბავშვისთვის ხელმისაწვდომი ფორმაა საკუთარი თავის, გრძნობებისა და სურვილების წარმოსაჩენ-გამოსავლენად.
როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, სიჯიუტეს განსაკუთრებით 2-4 წლის პატარები ავლენენ. ეს ის ასაკია, როდესაც თვითშეფასება და საკუთარი თავის სიყვარული ყალიბდება, ეს კი ბავშვის ქცევასა და ხასიათზე ახდენს გავლენას.
დიახ, ბავშვი უკვე ესოდენ პატარა ასაკიდან ცდილობს დაიცვას საკუთარი დამოუკიდებლობა, მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ არ იცის, როგორ გააკეთოს ეს სწორედ, მისი რეაქცია ხშირად სიჯიუტისა და სხვებთან კონფლიქტის სახით ვლინდება. და ის მშობლები, რომლებმაც არ იციან ამ ასაკში ბავშვის განვითარების თავისებურებები, სერიოზულ პრობლემებს აწყდებიან აღზრდაში, რის გამოც მშობლებიცა და ბავშვებიც იტანჯებიან.
ძალიან ხშირად მშობლებს, თავიანთი არაკომპეტენტურობის გამო, ერთმანეთში ერევათ ბავშვების სიჯიუტე და მიზანდასახულობა. მათ უნდა იცოდნენ, რომ:
თუ ბავშვი ცდილობს დაამტკიცოს რაღაც, ან მიიღოს ის, რაც მას ნამდვილად სჭირდება − ეს მიზანდასახულობაა;
თუ ბავშვი უფროსებისგან მოითხოვს იმას, რაც მას არც ისე ძალიან სურს, არ სჭირდება და, შესაძლოა, უკვე კარგა ხანია „გადაუნდა“ კიდეც − ეს უკვე სიჯიუტეა.
მშობლებმა ძალიან კარგად უნდა გამიჯნონ ერთმანეთისგან სიჯიუტე და მიზანდასახულობა, რათა აღზრდის პროცესში ზედმეტი გულმოდგინება არ გამოიჩინონ და ბავშვში დამოუკიდებლობა და ინიციატივიანობა არ ჩაკლან.
დიახ, უფროსებმა ხელი უნდა შეუწყონ პატარის დამოუკიდებლობას და წააქეზონ კიდეც ის, ოღონდ არა ისე და არა იმდენად, რომ ბავშვი „ოჯახურ ტირანად“ იქცეს.
მოკლედ რომ ვთქვათ, უფროსებმა უნდა იცოდნენ, რომ სიჯიუტე პრობლემაა მაშინ, როცა:
ბავშვი გამუდმებით უკმაყოფილოა და გეკამათებათ ნებისმიერ წვრილმანზე;
არ სურს უფროსების აზრის მოსმენა არანაირ თემაზე და არ მიდის კომპრომისზე;
სიჯიუტის გამო პრობლემები აქვს სხვა ბავშვებთან;
სიჯიუტე საშიშროებას უქმნის მის უსაფრთხოებას (მაგალითად, ქუჩაზე გადასვლისას არავითარ შემთხვევაში არ გკიდებთ ხელს).

ბავშვის სიჯიუტის მიზეზები

1, 3 ან 7 წლის ბავშვების სიჯიუტე მისი განვითარების ასაკობრივი თავისებურებებით აიხსნება. სიჯიუტის ყველაზე მწვავე პერიოდი იწყება 1,5 წლიდან და გრძელდება 4 წლამდე.
სიჯიუტის მიზეზები კი შეიძლება იყოს:
აღზრდის ზედმეტად რბილი ტაქტიკა − ბავშვის განებივრება, მისი ბრმად წაქეზება და გაღმერთება უსაზღვრო სიჯიუტეს ავითარებს, რაც ძნელი გამოსასწორებელია;
აღზრდის ზედმეტად მკაცრი ტაქტიკა − თუ მშობლები ცდილობენ სრულად დაიმორჩილონ ბავშვი, არ აძლევენ არჩევანისა და თავისი ნების გამოვლენის უფლებას, პატარას ბუნებრივად უჩნდება თავდაცვის მოთხოვნილება, ანუ ხდება ჯიუტი;
ძალიან ბევრი აკრძალვა − განსაკუთრებით, არამოტივირებული აკრძალვები, რომლის მიზეზებს ბავშვს არც უხსნიან;
რაიმე ცხოვრებისეული ცვლილება − ახალ პირობებთან ადაპტაციის დროს, როდესაც პატარამ არ იცის, როგორც გამოხატოს ემოციები და სურვილები, სიჯიუტეს იჩენს. ხოლო როცა ცხოვრების ჩვეულ პირობებს უბრუნდება, სიჯიუტე უკვალოდ ქრება.
როგორც სპეციალისტები ირწმუნებიან, მშობლის უცოდინრობის გამო შეიძლება ნევროზული სიჯიუტე განვითარდეს, რომელიც შემდეგ სერიოზულ ნევროზებსა და ენაბრგვილობაში, შიშებსა და უძილობაში გადაიზრდება. ეს მაშინ ხდება, როცა მშობელი, იმის ნაცვლად, რომ ბავშვთან ურთიერთობის სწორი გზა იპოვოს, თავად იწყებს გაუმართლებელი სიჯიუტის გამოვლენას და თავისი პოზიციის ყოველმხრივ დაცვას.
ამიტომ, სანამ ბავშვს განაჩენს გამოუტანთ, დარწმუნდით, რომ თავად არ ხართ ჯიუტი. შესაძლოა, თქვენი ქცევით თვითონვე აჩვენებდეთ ბავშვს სიჯიუტის ნიმუშს და შესაბამისი ქცევისკენ უბიძგებდეთ. ხშირად პრინციპების ყალბი დაცვა, რომლის მიზანიც ბავშვის სიჯიუტის მოდრეკაა, იწვევს იმას, რომ ბავშვი ყველაფერს უარყოფს და იწყებს კონფლიქტს როგორც სხვებთან, ისე საკუთარ თავთან. უნდა გესმოდეთ, რომ პატარას დროდადრო ძალიან სჭირდება – მისცეთ საშუალება, მართოს საკუთარი თავი და ცხოვრება.

როგორ მოვექცეთ ჯიუტ პატარას

ბავშვის აღზრდის პროცესში მთავარია აგრძნობინოთ ბავშვს, რომ მის სურვილებსა და ინტერესებს ითვალისწინებთ. ამავდროულად უნდა გააგებინოთ მას, რომ ოჯახში მთავარი მშობლები არიან და არა ის. ეს დაგეხმარებათ აღზარდოთ წარმატებული ადამიანი ძლიერი პიროვნული თვისებებით, რომლებიც შემდგომ ცხოვრებაში დაეხმარება.
ჯიუტი ბავშვის აღზრდისას აუცილებელია გამოიყენოთ ზემოქმედების არასტანდარტული მეთოდები:
დააყენეთ საკუთარი თავი ბავშვის ადგილზე და მისი თვალით შეხედეთ სამყაროს. ეს დაგეხმარებათ უკეთესად გაუგოთ საკუთარ შვილს და მოძებნოთ სწორი მიდგომა;
მშვიდად დაელაპარაკეთ შვილს და დააზუსტეთ, რა უნდა. ამით ბავშვი მოდუნდება და გააცნობიერებს, რომ მისი გაგება გსურთ;
თუ ხვდებით, რომ ბავშვის სიჯიუტის მიღმა რაღაც შიშები იმალება, კი არ ეჩხუბოთ, დაეხმარეთ მას ამ შიშების გადალახვაში. საქმე ისაა, რომ ძალიან ხშირად სიტყვები „არ მინდა“ რეალურად ნიშნავს „არ შემიძლიას“;
შეუქმენით შვილს არჩევანის ილუზია. ძალიან ხშირად სიჯიუტე იმითაა გამოწვეული, რომ პატარამ თავად არ იცის რა უნდა, ამიტომ შინაგანად შფოთავს. შესთავაზეთ შვილს რამდენიმე შესაფერისი ვარიანტი − ოღონდ კითხვის ფორმით, რათა ბავშვს შეექმნას შთაბეჭდილება, რომ თავად აკეთებს არჩევანს;
ხშირად აგრძნობინეთ, რომ მისი აზრი გაინტერესებთ და ითვალისწინებთ კიდეც. ასე ბავშვი მეტად გენდობათ;
თუ ბავშვისთვის რაიმეზე უარის თქმა აუცილებელია, უთხარით კატეგორიული „არა“ მშვიდი და მეგობრული ტონით, ამის შემდეგ კი აუცილებლად აუხსენით უარის მიზეზი − მშვიდად და ხმის აუწევლად;
არ დაეთანხმოთ ბავშვს რაიმეზე მხოლოდ იმისთვის, რომ თავი გაგანებოთ;
თუ სიჯიუტე ისტერიკამდე მიდის, შეეცადეთ რამეზე გადართოთ მისი ყურადღება. და როდესაც დამშვიდდება, მხოლოდ მერეღა დაელაპარაკოთ და აუხსნათ, რატომ უნდა მოიქცეს ისე, როგორც თქვენ ეუბნებით და არა ისე, როგორც თავად სურს;
დღის განმავლობაში ხშირად მოეფერეთ და მიუალერსეთ შვილს, შეაქეთ და გადაუსვით თავზე ხელი. ამით მას აუცილებლად გაუჩნდება სურვილი, რომ სხვა ვითარებაში გაგიგოთ და დაგიჯეროთ;
არასდროს გაამახვილოთ ყურადღება „სიჯიუტეზე“. აღნიშნეთ მხოლოდ ბავშვის დადებითი საქციელი;
დაბოლოს: არასდროს გამოიყენოთ ფიზიკური ძალა და არავითარ შემთხვევაში არ დაამციროთ ბავშვი! თქვენი მორალური და ფიზიკური უპირატესობის დემონსტრირებით მხოლოდ არასრულფასოვნების კომპლექსსა და სისასტიკეს ჩამოაყალიბებთ შვილში.