თბილისი, 30 ივლისი - Sputnik. ხელვაჩაურში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა, მათგან ოთხი არასრულწლოვანია.
ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმი-ახალციხის გზაზე ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ავტომობილში ტურისტები იმყოფებოდნენ.
დაშავებულები კლინიკებში არიან გადაყვანილი. არსებული ცნობით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.