ქართული ღვინო მსოფლიო გამოფენებზე: ბოლო ექვსი თვის მონაცემები

Sputnik
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. მიმდინარე წლის ექვს თვეში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, სხვადასხვა კომპანიების მიერ წარმოებული ქართული ღვინო რამდენიმე ქვეყანაში იყო წარდგენილი, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს ქვეყნებია: აშშ, საფრანგეთი, გერმანია, იაპონია, ნიდერლანდები, ლატვია, ჩინეთი, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, სამხრეთ კორეა და დანია.
ქართული ღვინის მწარმოებელი სხვადასხვა კომპანიის, მცირე დასაშუალო მარნების პროდუქცია წარმოდგენილი იყოისეთ საერთაშორისო გამოფენებზე, როგორებიცაა: VinExpo Paris, Foodex Japan, Vinexpo New York, ProWein, The 108th China Food & Drinks Fair, London Wine Fair, Seoul Wine and Spirits Expo და სხვა.
„ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, ჯამში, ქართული ღვინო წარდგენილი იყო 10 საერთაშორისო გამოფენაზე, ცხრა ფესტივალსა და 16 დეგუსტაციაზე. მსგავს გამოფენებში მონაწილეობით, ქართველ ღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობა ეძლევათ, საკუთარი პროდუქცია გააცნონ ღვინის პროფესიონალებს, იმპორტიორებს, სავაჭრო და სარესტორნო ქსელების წარმომადგენლებს, რაც ქართული ღვინით დაინტერესებისა და გაყიდვების ზრდის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა“, — ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მიერ ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამისთვის 2023 წლის ბიუჯეტი 14 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც 2 მილიონი ლარით აღემატება 2022 წლის ბიუჯეტს.
ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებად აღიარებულია: ამერიკის შეერთებულ შტატები, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია.
გარდა სტრატეგიული ბაზრებისა, ქართული ღვინო წარმოდგენილია ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენებსა და დეგუსტაციებზე.
ქართული ღვინის პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში, ღვინის გამოფენები, კონკურსები, ტურები და ფესტივალები იმართება საქართველოს მასშტაბითაც, რაც მნიშვნელოვანია ღვინის ტურიზმის პოტენციალის სრულად ათვისებისთვის და ღვინის სამომხმარებლო კულტურის გაზრდისთვის.
სააგენტოს ცნობით, ქართული ღვინის პოპულარიზაციის მხარდაჭერის ღონისძიებებში 2023 წლიდან აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამაც ჩაერთო.