თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. ბათუმი ბიძინა კვერნაძის 95 წლისთავისადმი მიძღვნილ კონცერტს უმასპინძლებს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
ცნობილი ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოებები ბათუმის დრამატულ თეატრში დღეს 20:00 საათიდან აჟღერდება.
მსმენელის წინაშე წარდგება თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი მაესტრო ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით.
„მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ეს საღამო იყოს იმის შესაფერისი, როგორსაც ბატონი ბიძინა და მისი უკვდავი გენიალური შემოქმედება იმსახურებდა“, - აღნიშნა ნიკა ნიკვაშვილმა.
ბიძინა კვერნაძის კომპოზიციებს ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, სოფო ხალვაში, ნატალია ქუთათელაძე და ანსამბლი „შვიდკაცა" შეასრულებენ. სცენაზე გაცოცხლდება ცნობილი მელოდიები კინოფილმებიდან და სპექტაკლებიდან.
ბიძინა კვერნაძე 1928 წლის 29 ივლისს სიღნაღში დაიბადა. მისი შემოქმედება თითქმის ყველა ჟანრს მოიცავს. მისი რჩეული ქმნილებებია: „ჩვენისთანა ბედნიერი", „მედეა", „უკვდავება", „კანტატა საქართველოზე", „სადღესასწაულო უვერტიურა", „ძველი ქართული", „სიმფონია დიდი სიმებიანი ორკესტრისათვის". კომპოზიტორს შექმნილი აქვს მუსიკა ოცდაათზე მეტი ფილმისათვის, მათ შორის მრავალსერიანი ფილმისთვის „დათა თუთაშხია" (ჯ. კახიძესთან ერთად), „უდიპლომო სასიძო", „ნატვრის ხე", „თეთრი ბაირაღები". მუსიკალურად გააფორმა სპექტაკლები: „ჭინჭრაქა", „ყვარყვარე თუთაბერი", „ზაფხულის ღამის სიზმარი", „მე ვხედავ მზეს" და სხვ.