საქართველოს ეროვნული ბანკი და ევროპის საინვესტიციო ბანკი თანამშრომლობას განაგრძობენ

ეროვნული ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის პროექტი ითვალისწინებს საქართველოსთვის ფინანსური კლიმატის სცენარების შემუშავებას, ამ სცენარების პირობებში კომერციული ბანკების მოწყვლადობის შეფასებასა და კლიმატის სტრეს-ტესტირების ჩატარებას.
Sputnik
თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. მონეტარული პოლიტიკა, მაკროეკონომიკური ტენდენციები და ერთობლივი პროექტები განიხილა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან სამხრეთ კავკასიაში მაჩიე ჩურასთან შეხვედრისას.
თურნავამ და ჩურამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ფინანსური კლიმატის სცენარების ანალიზისთვის საფუძვლების შემუშავების პროექტზე.
პროექტი ითვალისწინებს საქართველოსთვის ფინანსური კლიმატის სცენარების შემუშავებას, ამ სცენარების პირობებში კომერციული ბანკების მოწყვლადობის შეფასებასა და კლიმატის სტრეს-ტესტირების ჩატარებას.

„პროექტი გასულ წელს დაიწყო და პირველ შედეგებს მიმდინარე წლის ბოლომდე ველოდებით. EIB-თან თანამშრომლობის ხელშეკრულება ზემოაღნიშნულ პროექტს და საქართველოს ფინანსური სისტემის „გამწვანების“ მიმართულებით თანამშრომლობის სხვა საკითხებს მოიცავს. იმედი მაქვს, რომ EIB-სთან მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა თურნავამ.

ევროპის საინვეტიციო ბანკმა საქართველოში 2007 წლიდან განახორციელა 1,85 მლრდ ევრომდე ინვესტიცია. ბანკი აფინანსებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესსა და „მწვანე ეკონომიკას“.