თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. საქართველოში 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, კლინიკების დატვირთვა შემცირდა, მაგრამ გაიზარდა პოლიკლინიკებში მიმართვიანობა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ინფორმაციაში.
უწყების მონაცემებით, საქართველოში 2022 წელს ფუნქციონირებდა 269 საავადმყოფო. საავადმყოფოების დატვირთვამ შეადგინა 167,2 დღე. ეს მაჩვენებელი 2021 წელს იყო 201,2 დღე.
პაციენტის კლინიკაში დაყოვნების საშუალო მაჩვენებელი 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, 6,2 დღიდან 5,1 დღემდე შემცირდა. ასევე 13 პროცენტით შემცირდა საწოლების რაოდენობა კლინიკებში – 2022 წელს ეს მაჩვენებელი 17,9 ათასი იყო.
ამავე დროს, 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, 1,3%-ით გაიზარდა პოლიკლინიკებსა და ამბულატორიებში მიმართვიანობა. 2022 წელს პოლიკლინიკებსა და ლაბორატორიებს მიმართეს 15,2 მილიონჯერ.
2022 წლის მონაცემებით, სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული ექიმების რიცხოვნობამ 23,9 ათასი შეადგინა, ხოლო საექთნო პერსონალის რიცხოვნობამ – 22,0 ათასი.