თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. მიგრანტების ტალღამ 2023 წლის პირველ ნახევარში ბათუმში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა გაზარდა, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის მიმოხილვაში.
ანალიტიკოსების მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ივნისში ბათუმში 8,3 ათასი საცხოვრებელი ფართი გაიყიდა, რაც 12,2%-ით მეტია 2022 წლის პირველ ნახევართან შედარებით.
აქედან პირველად ბაზარზე გაყიდული ბინების რაოდენობა 4,6 ათასია. ამასთან, მეორედ გაყიდული ბინებიდან: 3,3 ათასი ახალი პროექტია, ხოლო 400 – ძველი აშენებული ბინები.
კვლევის მიხედვით, 2023 წლის მეორე კვარტალში უძრავი ქონების კვადრატული მეტრის საშუალო შეწონილი ფასი ბათუმის პირველად ბაზარზე ასეთია:
სანაპირო ზოლი – 2,6 ათასი დოლარი, რაც 25%-ით მეტია 2022 წლის მეორე კვარტალთან შედარებით
გონიო–კვარიათი – 1,6 ათასი დოლარი (68%)
მახინჯაური–ციხისძირი – 1,3 ათასი დოლარი (18%).
ახალი ბულვარი – 1,2 ათასი დოლარი (45%)
შიდა არეალი – 863 დოლარი (32%)
პერიფერია – 684 დოლარი (32%).
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით საქართველოში 2.904.887 უცხოელი შემოვიდა. ამავე პერიოდში საქართველოდან გასული უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობამ 2.882.528 შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში შემოსვლა-გასვლის რაოდენობით რუსეთის მოქალაქეები ლიდერობენ (შემოსვლა – 741,9 ათასი, გასვლა – 729,7 ათასი).