თბილისი, 26 ივლისი – Sputnik. საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში მომხდარი არეულობის დროს საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან, ნათქვამია საბერძნეთში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.
არეულობები, რაც სამშაბათი-ოთხშაბათის ღამით დაიწყო, პოლიციამ რამდენიმე საათში ჩაახშო.
„დაახლოებით ღამის 3 საათზე, როგორც შესაბამისმა სამსახურებმა და საქართველოს მოქალაქეებმაც დაგვიდასტურეს, ადგილზე უკვე იყო სიმშვიდე და ყველა საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა უსაფრთხოდ. საავადმყოფოში გადაყვანილ იქნენ მხოლოდ ის პირები, რომელთაც ცრემლსადენი გაზის გამო შეექმნათ პრობლემა და მათ შორის არ ყოფილან საქართველოს მოქალაქეები“, – ნათქვამია განცხადებაში.
საელჩო შეახსენებს საქართველოს მოქალაქეებს, რომ ფორსმაჟორული/გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მათ შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს „ცხელ ხაზს“, რომელიც უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებს: +306952220000.