მარნეულის მოსახლეობა საწარმოს მშენებლობას აპროტესტებს

სოფელ ლეჟბადინის მცხოვრებლები ირწმუნებიან, რომ მშენებლობამ წყლის დონის დაწევა და სოფელში წყლის დეფიციტი გამოიწვია.
Sputnik
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. ადგილობრივ ხელისუფლებას არ აქვს უფლება შეაჩეროს ქვის გადამამუშავებელი საწარმოების მუშაობა ან ხელი შეუშალოს მარნეულის რაიონში ახალი ქარხნის მშენებლობას, რადგანაც ტერიტორია ინვესტორებს 15 წლის წინ მიჰყიდეს, განუცხადა აქციის მონაწილეებს საკრებულოს დეპუტატმა ომარ ირიშოვმა, იუწყება Aqtual.
სოფელ ლეჟბადინის მოსახლეობა სამშაბათს, დილით საპროტესტო აქციაზე შეიკრიბა. ისინი რაიონში მორიგი ქვის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობის წინააღმდეგ გამოვიდნენ. ადგილობრივების თქმით, სოფელში მეცხრე საწარმოს ფუნდამენტი ჩაიყარა, რამაც მდინარის დონის დაწევა და სოფელში წყლის ნაკლებობა გამოიწვია, ასევე ზიანდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და რაიონის ეკოლოგია.

„ხალხი ჩვენგან მოითხოვს, რომ საწარმოების მუშაობა შევაჩეროთ, მაგრამ ქვის გადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორია დღეს არ გაყიდულა, ის 15 წლის წინ გაიყიდა. მე არ მაქვს მისი მუშაობის შეწყვეტის უფლებამოსილება. მე შემიძლია ხალხის მოთხოვნა რაიონის ადმინიტრაციას გადავცე", – განაცხადა ირიშოვმა.

როგორც საკრებულოს დეპუტატმა განმარტა, მას შეუძლია რაიონის ადმინისტრაციისგან მოითხოვოს, რომ მოქმედ ქარხნებზე ლიცენზიის ვადის ამოწურვის შემდეგ კომპანიებს არ გაუგრძელდეს ექსპლუატაციის ვადა.
ამჟამად აქციის ჩატარების ადგილზე დაძაბული ვითარებაა.
ლეჟბადინის მოსახლეობა ძირითადად სოფლის მეურნეობით, მეცხვარეობით, მესაქონლეობით და მებოსტნეობით არის დაკავებული.