თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. სამხრეთ კორეაში აშშ-ის „ლოს-ანჯელესის“ კლასის ატომური წყალქვეშა გემი USS Annapolis ჩავიდა, იტყობინება სააგენტო Yonhap სამხრეთ კორეის საზღვაო ძალებზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, გემი კუნძულ ჯეჯუდოს საზღვაო ბაზაზე შევიდა სამხრეთ კორეისა და შეერთებული შტატების ერთობლივი თავდაცვის გასაძლიერებლად.
წყალქვეშა გემის მთავარი ამოცანაა „გემსაწინააღმდეგო და ნავსაწინააღმდეგო თავდაცვითი ოპერაციების ჩატარება“.
სააგენტოს ცნობით, ამგვარი გადაწყვეტილება ჩრდილოეთის კორეის მიერ ფრთოსანი რაკეტების გაშვებით გამოწვეული დაძაბულობის ფონზეა მიღებული.
მიმდინარე წლის აპრილში ვაშინგტონმა სამხრეთ კორეასა და შეერთებულ შტატებს შორის სამიტს უმასპინძლა. ქვეყნების ლიდერებმა — იუნ სუკ ელმა და ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერეს „ვაშინგტონის დეკლარაციას", რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ჩრდილოეთ კორეის „შეკავების გაფართოებასა და გაძლიერებას“ მოიაზრებს. სწორედ ამ გაფართოების ფარგლებშია გათვალისწინებული ამერიკული წყალქვეშა გემების შესვლა სამხრეთ კორეის პორტებში.
აღინიშნება, რომ მანამდე ცოტა ხნით ადრე პუსანის პორტიდან ამერიკული სტრატეგიული წყალქვეშა ატომური გემი USS Kentucky გავიდა.