ტვირთბრუნვის ზრდის შენარჩუნება - „საქართველოს რკინიგზის“ გეგმები

Sputnik
თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. „საქართველოს რკინიგზამ“ ტვირთბრუნვა დაახლოებით 48%-ით გაზარდა და ზრდის ტემპების შენარჩუნებას გეგმავს, განაცხადა სახელმწიფო კომპანია „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ.
2022 წელს „საქართველოს რკინიგზის“ შემოსავალმა სატვირთო გადაზიდვების შედეგად 14,8 მლნ ლარი შეადგინა – 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით 21,8%-ით მეტი. აღნიშნული მოცულობის 12,8% მოდის ადგილობრივ გადაზიდვებზე, 28,6% – საერთაშორისო (ტრანზიტის გარეშე) გადაზიდვებზე, 58,6% კი ტრანზიტზე.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა დერეფანში ტვირთბრუნვის ეს ზრდა შევინარჩუნოთ. ბოლო 4 წლის განმავლობაში კომპანიამ ჩვენს რკინიგზაზე ტვირთბრუნვა დაახლოებით 48%-ით გაზარდა და ვიმედოვნებთ ამ ტემპის შენარჩუნებას“, – განაცხადა ფერაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მისი თქმით, 2022 წელს „საქართველოს რკინიგზამ“ თავისი 150-წლიანი ისტორიის მანძილზე ყველაზე მაღალი მოგება დააფიქსირა – თითქმის 397 მლნ ლარი.
ფერაძემ ასევე ისაუბრა „საქართველოს რკინიგზის“ განახლება-მოდერნიზაციის პროცესზე, რომელიც ასევე ისტორიულ მასშტაბებს აღწევს. მისი თქმით, თბილისი–მახინჯაურის სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი რკინიგზის ისტორიაში.
პროექტი 2012 წელს დაიწყო და 2024 წელს უნდა დასრულდეს. იგი ითვალისწინებს 38-კილომეტრიანი ახალი მონაკვეთის მშენებლობას და არსებული 2-კილომეტრიანი მონაკვეთის რეკონსტრუქციას.

„ჩვენს დერეფანში სიჩქარე გაიზრდება. მაგალითად, თბილისიდან ბათუმამდე მატარებლით მგზავრობის დრო დაახლოებით 50 წუთით შემცირდება. ასევე შემცირდება კომპანიების საოპერაციო ხარჯები და, რა თქმა უნდა, გაუმჯობესდება მატარებელთა მოძრაობის უსაფრთხოების დონე", – განაცხადა ფერაძემ.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, უკვე დასრულებულია ექვსი გვირაბის, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში ყველაზე გრძელი – 8,3 ათასი მეტრი სიგრძის გვირაბის მშენებლობა. ამასთან, სამი გვირაბი უკვე ფუნქციონირებს, სამში კი სამუშაოების ჩაბარებისთვის მზადება მთავრდება.
რკინიგზის მოდერნიზაცია საქართველოში - უახლესი მონაცემები>>>
გარდა ამისა, დღეისათვის უკვე დასრულებულია სამუშაოები ზესტაფონი–ხარაგაულის მონაკვეთზე და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მშენებლობა ძირულასა და ქვეშეთის სადგურებზე, უახლოეს დროს დაიწყება ახალი მოლითის სადგურის მშენებლობა და მოლითისა და ზესტაფონის ქვესადგურების რეკონსტრუქცია.
პროექტის ღირებულება 248 მლნ შვეიცარიული ფრანკია, საიდანაც 239 მილიონი უკვე აითვისეს.
კომპანიამ გამოაქვეყნა 2023 წლის პირველი კვარტლის შედეგები. მიმდინარე წლის პირველი სამი თვის წმინდა მოგებამ 82,3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 3,5-ჯერ აღემატება 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
სახელმწიფო კომპანია სს „საქართველოს რკინიგზა“ ამჟამად არის როგორც სარკინიგზო ხაზების, ისე ყველა სარკინიგზო შემადგენლობის მფლობელი. მას გადააქვს სხვადასხვა სახის ტვირთი, ძირითადად, კასპიის ზღვიდან და შუა აზიიდან შავ ზღვამდე. საქართველოს რკინიგზა უზრუნველყოფს ასევე შიდა და საერთაშორისო სამგზავრო გადაზიდვებს.
საქართველოს გავლით სატრანზიტო გზების განვითარება ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელიც ამ სფეროში სერიოზულ ინვესტიციებს აბანდებს.
ამასთან დაკავშირებით ძირითადი ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით შენდება, ახალი „აბრეშუმის გზის“ შემადგენელი ნაწილია. მათ შორისაა აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, რკინიგზის მოდერნიზაცია, ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო ტოტი და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი.