როდის გამოუყოფს სსფ საქართველოს მორიგ ტრანშს

სსფ-ის თანამშრომლების გუნდი ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ახლახან შესული ცვლილებების შედეგებს სწავლობს
Sputnik
თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ვერ დაასახელა მეორე მიმოხილვის წარდგენის ვადა სარეზერვო დაფინანსების შესახებ შეთანხმების ფარგლებში (SBA), რომლის შემდეგ საქართველოს 30 მლნ SDR (დაახლოებით 40 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობის ტრანში უნდა მიეღო.
მანამდე ფონდის მისიამ საქართველოში განაცხადა, რომ მეორე მიმოხილვის განხილვა, რომელიც ივნისის ბოლოსთვის იყო დაგეგმილი, გაურკვეველი ვადით გადაიდო.
2023 წლის 13-21 ივლისს სსფ-ის მისიამ ჯეიმს ჯონის ხელმძღვანელობით ვირტუალურ ფორმატში შეხვედრები გამართა საქართველოს ხელისუფლებასთან, ბოლოდროინდელი ეკონომიკური და ფინანსური ვითარების განხილვის და რეფორმის პრიორიტეტების შეფასების მიზნით.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოსთვის მორიგი ტრანშის გამოყოფა შეაჩერა >>
მოლაპარაკებების შედეგების მიხედვით შედგენილ ანგარიშში მისია აღნიშნავს, რომ სსფ-ის თანამშრომლების გუნდი სწავლობს ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესული ბოლოდროინდელი ცვლილების გავლენას ქვეყანაში მიმდინარე იმ ეკონომიკური პროგრამის მიზნების მიღწევაზე, რომელისაც სსფ უჭერს მხარს (SBA).
„სსფ-ს მისიამ განიხილა ვითარება ხელისუფლებასთან და მიესალმება ხელისუფლების პირობას შეინარჩუნოს სებ-ის დამოუკიდებლობა და სანდოობა და განზრახვას განაგრძოს თანამშრომლობა სსფ-სთან SBA პროგრამის ფარგლებში“, - ნათქვამია ანგარიშში.
იმავდროულად, საერთაშორისო საფინანსო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings ვარაუდობს, რომ ეს შესაძლოა ნაწილობრივ უკავშირდებოდეს პარლამენტის ბოლო გადაწყვეტილებას ეროვნული ბანკის საბჭოს საკითხზე.
ივნისში საქართველოს პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო და მიიღო ცვლილებები, რის შედეგადაც ეროვნული ბანკის საბჭოში დროებით შეიქმნა ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის წევრთა უმრავლესობა საბჭოს დამოუკიდებელ წევრების რაოდენობასთან შედარებით. საერთაშორისო სავალუტო ფონდი ამის წინააღმდეგი იყო და აღნიშნავდა, რომ საქართველომ შეიძლება დაკარგოს მოპოვებული ნდობა ეროვნული ბანკის მიმართ.
სკანდალური შესწორებები საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ამოქმედდა >>
„სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭოს მიერ პროგრამის მეორე გადახედვის დამტკიცება, როგორც ჩანს, ნაწილობრივ გადაიდო უთანხმოების გამო, რომელიც უკავშირდება ცვლილებებს საქართველოს ეროვნული ბანკის მართვის სტრუქტურაში“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

რას კარგავს საქართველო?

სსფ-ის აღმასრულებელი საბჭოს მიერ მეორე მიმოხილვის დამტკიცების შემთხვევაში საქართველოს მთავრობა მორიგ ტრანშს ჯერ არ აიღებს.
2022 წლის დეკემბერში სსფ-ის აღმასრულებელმა საბჭომ დაასრულა საქართველოსთვის სამწლიანი Stand By შეთანხმების პირველი მიმოხილვა და ქვეყანას 40 მილიონი დოლარი გამოუყო, მაგრამ მთავრობამ თანხის მიღებისგან თავი შეიკავა.
„საქართველოს ხელისუფლება პროგრამას კვლავ პრევენციულ მნიშვნელობას ანიჭებს, ე.ი. ამ ეტაპზე გამოყოფილი თანხის სესხებას არ აპირებს“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
2022 წლის ივნისში საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ დაამტკიცა ახალი Stand-By Arrangement-ის 280 მლნ დოლარიანი შეთანხმება საქართველოს მთავრობასთან (100%-იანი კვოტები და 210,4 მლნ SDR). საქართველომ მაშინ 40 მლნ დოლარის პირველი ტრანშიც მიიღო.