ემხვართა გმირობა, ანუ ამბავი ბედიის ბარძიმის გადარჩენისა

აფხაზეთის მთავრების — ემხვართა გვარის ისტორიაზე, სამწუხაროდ, ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი.
Sputnik
არსებობს გადმოცემა, რომ ემხვარები წარმოშობით ქართლელ ამილახვრებს უკავშირდებიან. თავდაპირველად ჯირხვაში სახლობდნენ, XVII საუკუნის ბოლოდან კი ოქუმის და წარჩეს ხეობების ზემო წელი დაუკავებიათ (ახლანდელი გალის მუნიციპალიტეტი). გარდა ამისა, მიწებს ფლობდნენ აბჟუაში (ახლანდელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი) და გაგრასთან.
ემხვართა გვარმა საქართველოს ბევრი ღირსეული შვილი გაუზარდა. მათგან რამდენიმე ლიტერატურული გმირების პროტოტიპებადაც კი იქცა.
ასე გააცოცხლა ლეო ქიაჩელმა თავის „ჰაკი აძბაში“ ნიკოლოზ ემხვარი, რომელსაც ნაწარმოებში უჯუშ ემხა ჰქვია და რომლის რეალურ ისტორიასაც ქვემოთ გიამბობთ.
1918 წლის 28 თებერვალს სოხუმის პორტში კრეისერი „დაკია“ შემოვიდა — სურსათისა და მტკნარი წყლის მოსამარაგებლად. ხომალდის ეკიპაჟი, რომელიც ტრაპიზონიდან მოდიოდა და სევასტოპოლისკენ ეჭირა გეზი, ბოლშევიკი მატროსებისა და ანარქისტებისგან იყო შემდგარი. ისინი ნაპირზე გადმოვიდნენ და ქალაქში გაიფანტნენ.
ორი მათგანი ბულვარზე მანდილოსანთან ერთად მოსეირნე აფხაზთა ასეულის პორუჩიკს, თეთრი ჯვრის კავალერ ნიკოლოზ ემხვარს გადაეყარა მოულოდნელად. პორუჩიკს მეფის არმიის ოფიცრის მუნდირი ეცვა და ამიტომ მიიქცია მატროსების ყურადღება.
თავადს ფიზიკური ნაკლი ჰქონდა, მარცხენა ხელს ვერ ხმარობდა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია, საკადრისი პასუხი გაეცა თავხედი მეზღვაურებისთვის, რომლებმაც მას სამხრეების მოხსნა უბრძანეს. რაღა თქმა უნდა, ოფიცერმა ემხვარმა მატროსების ბრძანება არ შეასრულა. მაშინ გაგულისებულმა მეზღვაურებმა თავად დააპირეს მისთვის სამხრეების ჩამოგლეჯა და ნიკოლოზ ემხვარმაც ერთი მოკლა, მეორე კი დაჭრა და გაიქცა.
მომხდარმა ქალაქში არეულობა გამოიწვია. „დაკიას“ ანარქისტულ-ბოლშევიკურმა შემადგენლობამ გამოაცხადა, თუ მკვლელი 24 საათში არ ჩაგვბარდება, მთელ სოხუმს გადავწვავთო. მალე ულტიმატუმს მოკლული მატროსის ოჯახისთვის 15.000 მანეთის გადაცემის მოთხოვნაც დაემატა.
მაგრამ „დაკიაზე“ მყოფი სამხედროები ეკიპაჟს ქალაქში დიდი ხნით დაყოვნების საშუალებას არ აძლევდნენ და ამიტომ კრეისერი 1 მარტს ისე გავიდა ქალაქიდან, რომ ულტიმატუმის შესრულებას არ დალოდებია.
სამაგიეროდ სოხუმელმა ბოლშევიკებმა იხელთეს დრო და ბათუმში ტელეგრამა აფრინეს, სოხუმში სასწრაფოდ გამოგზავნეთ ორი ნაღმოსანი ან დიდი საბრძოლო ხომალდიო.
და მალე სოხუმის ნავმისადგომს ნაღმოსანი „დერზკი“ მიადგა, რომლის ეკიპაჟმაც „დაკიას“ ულტიმატუმის 24 საათში შესრულება მოსთხოვა ქალაქის მმართველობას და თან დაემუქრა, წინააღმდეგ შემთხვევაში ქალაქს გადავბუგავთო.
და ნიკოლოზ ემხვარმა ჩაბარება გადაწყვიტა.
სხვათა შორის, აფხაზ თავადს თავისუფლად შეეძლო მიმალვა, ამას ურჩევდნენ ახლობლებიც. საკმარისი იყო, მშობლიურ ოქუმში წასულიყო, რომ ბოლშევიკი მეზღვაურებისთვის მიუწვდომელი გამხდარიყო. მაგრამ არ იკადრა მიმალვა ამაყმა არისტოკრატმა, ჩემ გამო სოხუმს საფრთხე არ უნდა დაემუქროსო და ბოლშევიკებთან გამოცხადდა.
როდესაც ნიკოლოზ ემხვარი „დერზკის“ ბორტზე აჰყავდათ, ვიღაცამ მალულად რევოლვერი გადასცა. ტრაპზე ასვლისას უნტეროფიცერმა კოვალჩუკმა უხეშად მიმართა თავადს, მანაც მოულოდნელად იძრო იარაღი და ადგილზე მოკლა თავხედი. მერე ხომალდის ბოლშევიკური კომიტეტის თავმჯდომარე გრუდაჩევს მიუშვირა რევოლვერი, მაგრამ დაზიანებულმა ხელმა დააღალატა, იარაღი ვეღარ გადატენა და...
ერთი ვერსიით, აფხაზი თავადი იქვე ჩაცხრილეს ბოლშევიკებმა, მეორე ვერსიით კი ხომალდის ერთ-ერთ საქვაბეში ჩააგდეს და ცოცხლად დაწვეს.
რაც შეეხება კონსტანტინე გამსახურდიას „მთვარის მოტაცების“ მთავარ გმირ თარაშ ემხვარს, მას ორი პროტოტიპი ჰყავდა. მათგან ერთი არზაყან (დიმიტრი) ემხვარი იყო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეროვნული მთავრობის პირველი თავმჯდომარე და საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი.
საქართველოს გასაბჭოების შემდეგ არზაყანმა მეუღლე და შვილები ქუთაისში გახიზნა სიმამრთან, თავად კი ემიგრაციაში წავიდა — ჯერ სტამბულში ცხოვრობდა, მერე კი პრაღაში გადავიდა.
საბოლოოდ, 1939 წლის მარტის დამდეგს პარიზში წავიდა, რათა უფრო ახლოს გასცნობოდა განმათავისუფლებელი მოძრაობის მიმდინარეობას და თავადაც უშუალო მონაწილეობა მიეღო ამ პროცესში.
საფრანგეთში მცხოვრები აკაკი ჩხენკელი, კონსტანტინე კანდელაკი, გრიგოლ ურატაძე და სხვები მას დიდი სიხარულით შეხვდნენ, მაგრამ... არზაყან ემუხვარი ყველასთვის მოულოდნელად გარდაიცვალა იმავე წლის 24 მარტს — სისხლის მოწამვლით. არსებობს ეჭვი, რომ აფხაზი თავადი ბოლშევიკების აგენტებმა მოწამლეს.
სხვათა შორის, კონსტანტინე გამსახურდიამ წერილი მისწერა ნიკოლოზის ვაჟს, ვლადიმერს:
„ჩემო პატარა ემუხვარო! „მთვარის მოტაცებაში“ მთავარი გმირის პროტოტიპად მამაშენი, ჩემი სიყმაწვილის მეგობარი, კეთილი აფხაზი არძაყან, იგივე დიმიტრი ემხვარი გამოვხატე, რომელთანაც გავატარე პარიზში ჩემი ცხოვრების ყველაზე ტკბილი დღენი“.
კონსტანტინე გამსახურდია
თარაშ ემხვარის მეორე პროტოტიპი დავით (ბოდღო) ემხვარი იყო, რომელთანაც დიდი ხნის განმავლობაში მეგობრობდა კონსტანტინე გამსახურდია. ის იყო ძმა ზემოთ ნახსენები ნიკოლოზ ემხვარისა, რომელიც ასე სასტიკად მოკლეს ბოლშევიკებმა.
დავითი ერთგულად ემსახურებოდა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობას. 1921 წლის თებერვლის დასაწყისში მენშევიკურმა მთავრობამ ის საზავო მოლაპარაკებებისათვის თურქეთში გაგზავნა, მაგრამ სანამ დავითი სტამბულში იყო, საქართველო გასაბჭოვდა და ჟორდანიას მთავრობა საზღვარგარეთ გაიქცა.
მიუხედავად იმისა, რომ დავით ემხვარს საბჭოთა ხელისუფლებისგან კარგი არაფერი ელოდა, მაინც დაბრუნდა საქართველოში, რადგან აქ, ყველაფერთან ერთად, საცოლეც ელოდებოდა.
კარგა ხანს ოქუმში მამისეულ სახლს აფარებდა თავს, მაგრამ მერე თბილისში ფარულად წასვლა მოინდომა. მდინარე ენგურზე ბორნით უნდა გადასულიყო დავითი. მებორნე მისი ძმის, ნიკოლოზ ემხვარის ძუძუმტე იყო, გვარად ძაძუა. და მოხდა გაუგონარი ამბავი: ძაძუამ მილიციელებს შეატყობინა დავით ემხვარის ადგილსამყოფელი.
გაუგონარი კი იმიტომ იყო ეს ამბავი, რომ აფხაზეთში, ისევე, როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში, ძმადნაფიცობა–ძიძისშვილობა უწმინდესად მიიჩნეოდა.
ძლივს გადაურჩა მაშინ დავით ემხვარი დაჭერას.
სხვათა შორის, ბედიის ბარძიმი სწორედ დავითმა შემოუნახა საქართველოს. როდესაც ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ ეკლესიების ძარცვა-განადგურებას მიჰყო ხელი, დავით ემხვარმა ილორში გადატანილი ბარძიმი მოიტაცა, ყაბალახში გადახვეული მალულად ჩამოიტანა თბილისში და ეს უნიკალური ექსპონატი სახელმწიფო მუზეუმის მაშინდელ დირექტორს დიმიტრი შევარდნაძეს ჩააბარა.
დავით ემხვარი 1946 წელს დააპატიმრეს. კომუნისტები, გარდა იმისა, რომ საშინელ პირობებში ამყოფებდნენ, დაკითხვის დროს სასტიკადაც აწამებდნენ მას. მესამედ რომ გაჰყავდათ დასაკითხად, უთქვამს კიდეც თანამოსაკნეებისთვის, მეტს ვეღარ გავუძლებო.
მართლაც აღარც დაბრუნებულა უკან — მესამე სართულიდან გადმოვარდნილა თუ გადმოაგდეს, ზუსტად ცნობილი არ არის...